სკოლებში შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი, - ამის შესახებ „ოცნების“ მთავრობის მიერ დამტკიცებულ განათლების რეფორმის კონცეფციაში წერია, თუმცა არაა დაკონკრეტებული, როგორი იქნება აღნიშნული წესი, მხოლოდ მოსწავლეებს შეეხება თუ მასწავლებლებს და რა დონეზე იქნება დაშვებული მათი გამოყენება სასწავლო პროცესში.
“სწავლაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლებში შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი, რომლის მიზანია მოსწავლეთა კონცენტრაციის გაძლიერება, კომუნიკაციისა და ქცევის უფრო ჯანსაღი მოდელის ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესის უწყვეტობის დაცვა”, - წერია განათლების რეფორმის კონცეფციაში, რომლის დასამტკიცებლადაც განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ 26 იანვარს მოაწერა.
ცნობისთვის, გასულ კვირას “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი, როგორც გამოცემა წერს, მათ ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს.
მათი ცნობით, შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება.
„ის, რომ პედაგოგი მობილურ ტელეფონს გაკვეთილის მიმდინარეობისას შესაბამის შემნახველ ყუთში მოსწავლეების ტელეფონებთან ერთად მოათავსებს, ეს იქნება მაგალითი მათთვის. ამას მასწავლებლებისთვის არ აქვს აკრძალვის ხასიათი. ეს არის უბრალოდ პირადი მაგალითის მიცემა მოსწავლეებისთვის. თუმცა როგორი იქნება ზუსტად რეგულაცია, ამ წუთას წესი შედგენილი არ არის, ვმუშაობთ. მაგრამ შინაარსი არის ის, რომ მასწავლებელი მაგალითი გახდეს ბავშვისთვის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში.




























