მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის სისტემაზე 2020 წლიდან ვმუშაობთ - მინისტრი

64676fcc3d4c7
მარიამ ვარადაშვილი
19.05.23 18:01
783
პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სკოლებში უფასო კვების სისტემის დანერგვაზე განათლების მინისტრს მიმართა.

კერძოდ, საპარლამენტო ოპოზიცია დაინტერესდა კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადადგმული სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის უმოკლეს დროში დასანერგად;
რომელი წლიდან იგეგმება სკოლებში კვების პროგრამის დანერგვა;
ასევე ითხოვა სამინისტროს მიეწოდებინა ხედვა მოსწავლეთა კვების პროგრამის შემუშავებასა და განხორციელების გზებზე.

ლევან ბეჟაშვილისთვის გაგზავნილ წერილში განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი კონკრეტულ დროს არ ასახელებს როდის დაინერგება ეს სისტემა სკოლებში, თუმცა ამბობს, რომ უწყება სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე 2020 წლიდან მუშაობს. 

“საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ სასკოლო კვების პროგრამის განხორციელება კომპლექსური, მრავალფაქტორიანი და მრავალსექტორიანი პროგრამაა.

მისი განხორციელებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ინფრასტრუქტურა (სასადილო, ადგილზე მომზადების შემთხვევაში სამზარეულო, წყალი-სანიტარია-ჰიგიენური ნორმები, ნარჩენების მართვა);

კვების რაციონის სტანდარტები ნუტრიციულად დაბალანსებული საკვების მიწოდებისთვის;

სურსათისა და ნედლეულის საკმარისი მარაგი და უსაფრთხო მიწოდების პირობები;

მომწოდებელთა საკმარისი რაოდენობა, რაც დაკავშირებული იქნება ბიზნეს-სექტორის შესაძლებლობების შესწავლასა და მხარდაჭერასთან;

სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობა ჯანსაღი საკვების მიმღებლობასთან დაკავშირებით (რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს გლობალურად);

შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადება;

დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ამ საკითხზე განათლების სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მუშაობს.

“საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საჭირო იქნება დივერსიფიცირებული მიდგომების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სკოლის მზაობაზე, ინფრასტრუქტურის მდგომარეობასა და განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე ადგილობრივი ბიზნესის დაინტერესებაზე. აღნიშნული პროცესს წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესებს. საჯარო სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესში გათვალისწინებულია სასადილოების ან მულტიფუნქციური სივრცეების მოწყობა.

პარალელურად სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებასა და კვლევებზე, იმ მიდგომებსა და მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან საკითხს ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად. ამ პროექტს სჭირდება საკმაოდ სიღრმისეული დამუშავება და ლოჯისტიკურად სწორად დალაგება. ვმსჯელობთ იმ მეთოდოლოგიაზე, იმ სისტემაზე, თუ როგორ დავფაროთ ყველა სკოლაში საბავშვო კვება”,-ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა საკვების მიღების უწყვეტობაც.

“გარდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა, მნიშვნელოვანი ძალისხმევაა გასატარებელი ადგილობრივ ბიზნესთან ნედლეულის მარაგების უწყვეტობის და სტაბილური სერვისის უზრუნველყოფისთვის, ასევე შესამუშავებელია დაფინანსების/თანადაფინანსების მოდელები.

სამუშაოების ფარგლებში შემუშავდა სასკოლო კვების მოდელები:

ტრადიციული სისტემა: სამზარეულო სკოლის შენობაში.

ცენტრალური/სატელიტური სამზარეულო: საკვები მზადდება ერთ ადგილას (ცენტრალურ სამზარეულოში ან სხვა სკოლაში) და შემდეგ ტრანსპორტირება (ცივი, გაყინული ან ცხელი) სხვა ადგილას (სატელიტზე) მომსახურებისთვის
ბუფეტი/კიოსკი: სწრაფი მომსახურება სასკოლო კვების მზა და შეფუთული პაკეტებით (Lunch boxes)

რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო განათლების საფეხურების მიხედვით მუშავდება სასკოლო კვების განხორციელების სხვადასხვა სცენარები”,-ამბობს ამილახვარი.

პარლამენტში გამოსვლისას მან ასევე თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს ნება პროგრამის დასაწყებად ბიუჯეტიდან თანხა გამოყოს:

"ეს პრობლემა დანახულია და ამ საკითხს არავინ გაურბის. ვმუშაობთ, ნება და შესაძლებლობა არის იმის, რომ ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსები მოიძებნოს, თუმცა აქ მხოლოდ ფინანსური საკითხი არ დგას და ამას სხვა რიგი ამოცანების მოგვარება სჭირდება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები