"სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაში" ცვლილებები შევიდა. განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, ცვლილებები ეხება ბენეფიციართა პროგრამაზე ჩარიცხვის მუხლს.
ცნობისთვის, სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა ეხმარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართული ენის შესწავლასა და უმაღლესი განათლების მიღებაში.
ახალი რედაქციით, ამოღებულია სახელმწიფო სასწავლო გრანტთან დაკავშირებული რეგულირება, იმ ფონზე, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში უმაღლესი სწავლის დაფინანსების მოდელი შეიცვალა.
განახლდა ადმინისტრაციული პროცედურების ნაწილი განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებით. ამასთან, პროგრამიდან ამოღებულია მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.
მუხლი 3. ბენეფიციართა პროგრამაზე ჩარიცხვა განახლებული რედაქციით ასეა წარმოდგენილი:
„1. ამ წესის თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია ბენეფიციარის განცხადება, რომლის წარდგენა ხდება მატერიალური ფორმით, ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) მცხოვრებ პირთათვის გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (შემდგომ – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია) და ელექტრონული ფორმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, შესაბამისი ოფიციალური ვებგვერდების გამოყენებით, ყოველი წლის 1 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. განცხადება უნდა შეიცავდეს ბენეფიციარის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი;
დ) პროგრამის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება);
ე) სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, რომელზეც სურს სწავლის გაგრძელება პროგრამის დასრულების შემდეგ;
ვ) სჭირდება თუ არა საერთო საცხოვრებელი;
ზ) ბენეფიციარის ინფორმირებული და ნებაყოფლობითი თანხმობა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით (შეგროვების, მათზე წვდომის, გამოთხოვის, ურთიერთდაკავშირების, შენახვისა და გამოყენების გზით), ამ წესით განსაზღვრულ პროგრამაზე ჩარიცხვისა და ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნებისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტების არასათანადოდ წარდგენის შემთხვევაში, განუსაზღვრავს პირს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 10 სექტემბრისა.
3. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო შესაბამისი წლის 12 სექტემბრამდე სამინისტროს წარუდგენს პროგრამის ბენეფიციართა სიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.
4. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, წარდგენილი აქვს განცხადება და შესაბამისი სასწავლო წლისთვის არ აქვს მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. ასევე, არ ფიქსირდება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აქტიური ან სტატუსშეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტად ან კურსდამთავრებულის სტატუსით.“.




























