აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა გაზარდოს ინდოეთზე მოქმედი 25%-იანი დამატებითი ტარიფი, თუ პარასკევს ალასკაში დაგეგმილი დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა უკრაინის საკითხზე წინსვლას ვერ მიაღწევს. ბესენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, შემოიღოს ანალოგიური ზომები, რადგანაც ინდოეთი აგრძელებს რუსეთის ნავთობის შეძენას.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეიძლება გაიზარდოს, შემსუბუქდეს ან გაურკვეველი ვადით გაგრძელდეს, ხოლო ჩინეთის მიერ რუსეთის ნავთობის შესყიდვაზე „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა“.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ განსაზღვრული 25%-იანი ტარიფი „უსამართლოდ და გაუმართლებლად“ შეაფასა და განცხადებაში აღნიშნა, რომ ინდოეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას ეროვნული ინტერესების დასაცავად.
ინდოეთის მთავრობის ეკონომიკურმა მრჩეველმა ვ. ანანტა ნაგესვარანმა თქვა, რომ ტარიფებთან დაკავშირებული დაძაბულობა ერთ-ორ კვარტალში შესაძლოა შემცირდეს და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი გავლენა არ იქონიოს, თუმცა მოკლევადიან პერიოდში გარკვეული ზეწოლა მოსალოდნელია. მისი თქმით, ტრამპი–პუტინის შეხვედრის შედეგები გავლენას მოახდენს დაგეგმილ აშშ–ინდოეთის სავაჭრო მოლაპარაკებებზე, მაგრამ ტარიფის საკითხმა არ უნდა გადაფაროს სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები - მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე, კრიტიკულ მინერალებზე დამოკიდებულება და მიწოდების ჯაჭვების გაძლიერების საკითხები.




























