აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ფედერალურ სარეზერვო სისტემას (FED) მოუწოდა, დაიწყოს საპროცენტო განაკვეთების შემცირების ციკლი და აღნიშნა, რომ საბაზისო განაკვეთი მინიმუმ 1.5 პროცენტული პუნქტით დაბალი უნდა იყოს.
მისი თქმით, აუცილებელია FED-მა საბაზისო განაკვეთი, რომელიც ამჟამად 4.25-4.5%-ის დიაპაზონშია სექტემბერში ჯერ ნახევარი პროცენტული პუნქტით, შემდეგ კი ეტაპობრივად კიდევ ერთი პროცენტული პუნქტით შეამციროს. ამასთან, ბესენტის თქმით, უმუშევრობის შესახებ გამოქვეყნებული პოზიტიური სტატისტიკური მონაცემები FED-ისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ განაკვეთების შემცირება ჯერ კიდევ ივნისსა და ივლისში მომხდარიყო.
ბესენტმა ასევე განაცხადა, რომ FED-ის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის, უფლებამოსილების დასრულებამდე (2026 წლის მაისში) შესაძლო შემცვლელად განიხილება 10-11 კანდიდატი, ხოლო საბოლოო არჩევანს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკეთებს.
მისივე განცხადებით, მიუხედავად გარე ზეწოლისა, აშშ-ში ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია და ინვესტორების ნდობა როგორც ხაზინის, ისე FED-ის მიმართ უცვლელი რჩება.
FED-ი 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის აგვისტომდე საბაზო განაკვეთს 5.5%-ის დიაპაზონში ინარჩუნებდა, 2024 წლის სექტემბერში ის ჯერ 5%-მდე, შემდეგ კი 0.25 საბაზისო პუნქტით 4.75%-მდე, შემდეგ კი 2024 წლის დეკემბერში 4.5%-მდე შემცირდა. სწორედ ამ მაჩვენებელს ინარჩუნებს FED-ი დღემდე, თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია FED-ს განაკვეთების კიდევ უფრო მეტად შემცირებისკენ მოუწოდებს.




























