სკუტერების ოპერატორი “სქროლი” თბილისისა და ბათუმის გიგ-ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კომპანია ასობით ელექტროსკუტერის ყოველდღიური გაქირავებით არის დაკავებული და მოქალაქეებს გადაადგილების მოქნილ შესაძლებლობას აძლევს.
კომპანია “სქროლმა” 2024 წლის საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სკუტერების გაქირავებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი განახევრდა და 2 მილიონი ლარი იყო. ამასთან, კომპანიის შემოსავლები ხარჯების დასაფარად კვლავ არასაკმარისია და მისი ჯამური ზარალი 2024 წელს 10.9 მილიონ ლარს შეადგენდა (2023 წელს 13 მლნ ლარი).
“სქროლი” 2020 წელს დაფუძნდა და მას იურიდიულად შპს “მერკური” ეწოდება. კომპანიის დამფუძნებელია ბიზნესმენი თემურ უგულავა, ხოლო აქციონერების შემადგენლობაში ასევე არიან ნინი ნებიერიძე და არჩილ კახიძე.
კომპანიას 2024 წელს გააჩნდა 3.2 მილიონი ლარის ადმინისტრაციული ხარჯები, კომპანიის სხვა საოპერაციო ხარჯები კი 10 მილიონ ლარს შეადგენდა, რის შედეგადაც 2024 წელი კომპანიამ 10.9 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.
"სქროლით" სარგებლობის ტარიფები თბილისში ასე ნაწილდება:
- განბლოკვა – 1 ₾
- ყოველი წუთი – 0,40 ₾
"სქროლი" კომპანია Bird-ის სკუტერების მეშვეობით მუშაობს.



























