ბოლო 10 წლის მანძილზე მსოფლიოში 100-ზე მეტი ახალი ავიაკომპანია დაარსდა, რომლებიც low cost პრინციპით ასრულებენ ფრენებს, ხოლო ასეთი კომპანიების მეშვეობით მოგზაურთა წილი მსოფლიოს საერთო მგზავრთა ნაკადში 13%-დან 29%-მდე გაიზარდა.
მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურთა მიმოხილვების ანალიზის საფუძველზე, Skytrax–მა მსოფლიოს საუკეთესო ბიუჯეტურ კომპანიად 2019 წელს, მალაიზიის ლოუკოსტ-კომპანია – Air Asia დაასახელა, რომელიც მუშაობს პრინციპით – "ახლა ყველას შეუძლია ფრენა". Air Asia მომხმარებლებს რეისებს 25 ქვეყნიდან 400 მიმართულებით სთავაზობს.
მეორე ადგილზეა ბრიტანული EasyJet, რომელიც 30 ქვეყნის 300-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ყოველ წელს მისი მომსახურებით 50 მილიონზე მეტი მგზავრი სარგებლობს
რეიტინგის სამეულშია ნორვეგიული Norwegian Air, რომელიც მარშრუტების ფართო ქსელს გთავაზობთ ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, დანიისა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქებს შორის. მას მოსდევს Southwest Airlines. ხუთეულში Jetstar Airways–ც მოხვდა. რაც შეეხება IndiGo-ს, ის რეიტინგში მერვე ადგილზე დასახელდა, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავიაკომპანია - Ryanair-ს კი, მეცხრე პოზიცია ერგო.
ახლა კი მთავარი კითხვა: რამდენად უსაფრთხოა ლოუკოსტ–კომპანიები? – სტატისტიკის მიხედვით, თავისი ისტორიის მანძილზე, ევროპის სამ უმსხვილეს ლოუკოსტ–კომპანიას – Ryanair–ს, Wizz Air–სა და EasyJet–ს მსხვერპლით დასრულებული არცერთი მსხვილი საავიაციო ინციდენტი ჰქონია, ხოლო ჩვეულებრივი ინციდენტები 3-ჯერ უფრო ნაკლებად აქვთ, ვიდრე მსოფლიოში საშუალოდ ყველა თვითმფრინავს.
რაც შეეხება ფასებს, ის დამოკიდებულია გამგზავრების დროზე, მარშრუტის მოთხოვნასა და კონკურენციაზე. რეგულარული ავიახაზებისგან განსხვავებით, ლოუკოსტები ფრენამდე 3 თვით ადრე იშვიათად სთავაზობენ იაფ ავიაბილეთებს. ეს დაკავშირებულია კომპანიის სწრაფვასთან, შეინარჩუნოს სამარშრუტო ქსელის დაგეგმვის მოქნილობა გრძელვადიანი პერიოდით.