სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის ამოქმედებას მწვანე შუქი აუნთო.
გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიისგან გარანტიები მიიღო. რუსული გაზის ჩაჭრის შემდეგ, 2027 წლიდან სლოვაკეთი ბუნებრივ აირს ევროკავშირის სხვა მიმწოდებლებისგან მიიღებს. ამასთან, თუ ეს საკმარისი არ იქნება, სლოვაკეთს შეუნარჩუნდება რუსული გაზის გამოყენების უფლება. ევროკავშირი “გაზპრომთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც თავის თავზე აიღებს.
შეგახსენებთ, ფიცომ სანქცირების პროექტს ვეტო რამდენიმე დღის წინ დაადო და მიზეზად “გაზპრომთან” დადებული შეთანხმება დაასახელა. სლოვაკეთს რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი 2034 წლამდე აქვს გაფორმებული. ევროკავშირი კი რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმას 2027 წლიდან გეგმავს. ფიცო შიშობდა, რომ თუ ევროგაერთიანება გადაწყვეტილებას დაამტკიცებდა, სლოვაკეთს კონტრაქტის გაწყვეტა მოუწევდა. შესაბამისად, ქვეყანა აღმოჩნდებოდა ენერგეტიკული და ეკონომიკური რისკების წინაშე. თავის მხრივ, რუსული კომპანია სლოვაკეთს შეთანხმების გაწყვეტის გამო არბიტრაჟში უჩივლებდა და, დიდი ალბათობით, მოუგებდა კიდეც. ფიცომ სწორედ ამ საფრთხეების გამო დაადო ვეტო პროექტს და განაცხადა, რომ პოზიციას გარანტიების მიღებამდე არ შეცვლიდა.




























