დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული და გაღვივებული ე.წ. “სავაჭრო ომი” გრძელდება, მაგრამ მცირედით შეცვლილი რიტორიკით.
თუკი თავიდან, პრეზიდენტმა საგადასახადო ბარიერი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას დაუწესა, მოგვიანებით, უმეტესობისთვის ტარიფები დაპაუზდა, ხოლო ახლა, დონალდ ტრამპის გუნდმა გამონაკლისების შემუშავება დაიწყო.
პირველ რიგში, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ტარიფები სმარტფონებზე, კომპიუტერებზე, მყარ დისკებზე, პროცესორებზე, მეხსიერების ბარათებზე და დისპლეებზე შეამსუბუქა, მათ შორის იმ მოწყობილობებზე, რომლებიც ჩინეთიდან შემოდის.
როგორც ირკვევა, ელექტრონიკაზე დაწესებული საგადასახადო ბარიერი სრულად არ გაუქმებულა, რადგან შეღავათი მხოლოდ ე.წ. “საპასუხო ტარიფებს” შეეხო, ანუ ამ მოწყობილობების იმპორტი ნაწილობრივად მაინც დაიბეგრება. ჩინეთის შემთხვევაში, ელექტრონიკაზე 20%-იანი ტარიფი იმოქმედებს, რომლითაც დონალდ ტრამპი მმართველ კომუნისტურ პარტიას, მათ შორის, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალება ფენტანილის იმპორტის შეფერხებისთვის არასაკმარისი ნაბიჯების გადადგმისთვის სჯის. სხვა მხრივ, ჩინეთისთვის ჯერაც 145%-იანი სატარიფო რეჟიმი მოქმედებს.
სმარტფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა ელექტრონიკაზე დაწესებული კოლოსალური ტარიფის მოხსნა დადებით ამბავს წარმოადგენს, როგორც ამ პროდუქტების მწარმოებლებისა და რეალიზატორებისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული მოწყობილობები თითქმის სრულად აშშ-ის ფარგლებს გარეთ, უმეტესწილად ჩინეთში, ინდოეთში, ვიეტნამში და ტაივანში იწარმოება, რომელთა მიმართ დონალდ ტრამპმა ძალიან მკაცრი ტარიფები დააწესა, ბაზარზე პანიკა გაჩნდა.
პანიკას სამომხმარებლო ელექტრონიკის ფასების ნაწილობრივი ზრდა უკვე მოჰყვა, რაც დროთა განმავლობაში ინფლაციას დააჩქარებდა და, სავარაუდოდ, ადამიანების ელექტრონიკისადმი მოთხოვნას შეამცირებდა. აი, მაგალითად, თუკი Apple-ი iPhone-ების ფასს მკვეთრად გაზრდის, რაც ორნიშნა სატარიფო რეჟიმის პირობებში გარდაუვალი იქნებოდა, ადამიანი, რომელიც სექტემბერში ახალი iPhone-ის ყიდვას განიხილავდა, სულ მცირე, კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდა. საბოლოო ჯამში, მომხმარებელთა შეცვლილი ქცევით, ტექნოლოგიური კომპანიები ასობით მილიარდი დოლარის შემოსავალს დაკარგავდნენ.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სიხარული, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც დონალდ ტრამპმა ელექტრონიკაზე ტარიფები მოხსნა, ნაადრევი იყო. როგორც დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ისევე, როგორც ელექტრონული მოწყობილობებისთვის, ნახევარგამტარებისთვის და პროცესორებისთვის საგადასახადო ბარიერების ცალკე კატეგორია შეიქმნება, ანუ ისინი სხვებისგან განცალკევებით დაიბეგრება. კონკრეტულად რა მოცულობის გადასახადის გადახდა მოუწევთ ტექნოლოგიურ გიგანტებს, ჯერჯერობით, უცნობია.