მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SMS სარეკლამო ბაზარი რეგულაციის ქვეშ ექცევა - 1 მარტიდან არასასურველ შეტყობინებებს ვეღარ მიიღებთ

სმსს

მიმდინარე წლის 1 მარტიდან არასასურველი სარეკლამო SMS-ები მოქალაქეებს აღარ მიუვათ. შესაბამის ცვლილებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს. შეტყობინებების გასაგზავნად კომპანიებს მომხმარებელთა წინასწარი თანხმობა დასჭირდებათ.

სპეციალისტების შეფასებით, დღეს SMS მარკეტინგი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ არხად ითვლება. ამ ბაზარზე 20-მდე კომპანია საქმიანობს, რომლებიც მათ შორის საჯარო სივრცეში მოპოვებულ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. მათ ამ გზით ბაზების შექმნას, მოქმედი კანონი არ უკრძალავთ.

ახალი რეგულაციის პირობებში კი, თუ პირი არ განაცხადებს თანხმობას, მარკეტინგული მიზნობრიობით იყოს გამოყენებული მისი ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა მაგალითად ელექტრონული ფოსტა, პირადი ტელეფონის ნომერი თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალება, ის არასასურველ შეტყობინებებს ვეღარ მიიღებს.

როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში“ განმარტავენ, ახალი კანონით, პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოსთხოვოს ორგანიზაციას მისი პირადი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.

რეგულაციის დაცვა მოუწევს ყველას, მათ შორის იმ საშუამავლო კომპანიებსაც, რომლებიც დამკვეთის მოთხოვნით ამუშავებდნენ მოქალაქეთა პირად მონაცემებს და SMS მარკეტინგში იყვნენ ჩართულნი.

“მონაცემთა სუბიექტის თანხმობა იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ სატელეფონო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დამუშავდეს მარკეტინგული მიზნებისთვის.

თანხმობა, რომელსაც სუბიექტი გასცემს, უნდა იყოს ასევე ახალი კანონით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავების შესახებ, უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ამასთან მისი აქტიური ქმედებით უნდა იყოს ეს თანხმობა გამოხატული.

მარკეტინგთან დაკავშირებით სხვა არაერთი ცვლილება შევიდა კანონში. მათ შორის ის, რომ პირს უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. ასეთ დროს კომპანია ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, შეწყვიტოს მარკეტინგული მიზნით მონაცემების დამუშავება. ყველა შეტყობინება უნდა ითვალისწინებდეს მის მიღებაზე უარის თქმის მექანიზმს, რომელიც ახალი კანონით უნდა იყოს უფასო და ნებისმიერ პირს უნდა შეეძლოს მისი მარტივად აღქმა.

თანხმობის მოპოვებამდე მნიშვნელოვანია სუბიექტს მიეცეს მკაფიო ინფორმაცია, მისთვის გასაგებ ენაზე, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მის მიერ გაცხადებული თანხმობა გამოითხოვოს“,-აცხადებს არჩილ ჯაველიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი.

კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის მნიშვნელოვნად მკაცრდება პასუხისმგებლობაც. სამართალდარღვევის ტიპების მიხედვით საჯარიმო სანქციის ოდენობა ძირითადად 1,000 – 6,000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, SMS მარკეტინგული ბაზარი საქართველოში 10 წელზე მეტია არსებობს. 1 მილიონი SMS შეტყობინების ღირებულება კი 2000-დამ 3500 ლარამდე მერყეობს და ამ გზით რეკლამა ერთ-ერთ ეფექტურ და ხელმისაწვდომ საშუალებად ითვლება ბიზნესისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები