არაქისის კარაქის მწარმოებელი კომპანია Snacky წლის ბოლომდე სარეალიზაციო არეალის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ზურა მამულაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანია სარეალიზაციო არეალის გაფართოებაზე მუდმივად მუშაობს. ამ ეტაპზე, კომპანია პროდუქციას სხვადასხვა ქსელურ მარკეტებსა და სპეციალური კვების მარკეტებში ყიდის. წლის ბოლომდე Snacky, სავარაუდოდ, კიდევ 3 ქსელურ მარკეტში შევა.
"აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ქსელურ მარკეტებთან. წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 3 ახალ ქსელურ მარკეტში შესვლაა დაგეგმილი, რაც 150 000 ფილიალის დამატებას გულისხმობს. ამასთან, პროდუქტის ახალ მოცულობას ვამატებთ. ამ ეტაპზე, სარეალიზაციოდ 1-კილოგრამიანი და 400-გრამიანი ქილის შეფუთვით ვყიდით. სექტემბრიდან კი 250-გრამიანი ქილები დაგვემატება. ამ მოცულობის დამატება გადავწყვიტეთ, რადგან გვინდა ჩვენს მომხმარებელს მეტი არჩევანის შესაძლებლობა მივცეთ. ამჟამად, მარკეტებში 400-გრამიანი ქილის შეძენა საშუალოდ 9 ლარადაა შესაძლებელი",- აცხადებს მამულაშვილი.
მისი ცნობით, წელს კომპანიამ მანქანა-დანადგარების გადაიარაღება განახორციელა, რამაც წარმადობის 200%-იანი ზრდა განაპირობა. ამ ეტაპზე, კომპანია წელიწადში 90 ტონაზე მეტ პროდუქტს აწარმოებს, საჭირო ნედლეულს იმპორტი კი ბრაზილიიდან ხდება.
ინფორმაციისთვის, Snacky 2021 წლიდან, მომხმარებელს დანამატების გარეშე, ნატურალურ, არაგენმოდიფიცირებულ და ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას სთავაზობს. პროდუქცია თბილისში არსებულ მოლებში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. კომპანია მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს.