ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას 3 500 პირი გამოეთიშა. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამაში ჩართულ სოცდაუცველთა გათავისუფლება მონიტორინგის საფუძველზე მოხდა და ამ პირებს ხელფასთან ერთად სხვა პრივილეგიებიც ჩამოერთვათ.
„სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით დაახლოებით 30 000-მდე ადამიანი უკვე ჩართულია მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოებზე. აქ საკმაოდ კარგი და მკაცრი სისტემა შევიმუშავეთ, რომლითაც დასაქმებულების დასწრებას თუ სამუშაოების შესრულებას ადგილზე ვამოწმებთ. იძულებული ვიყავით, რომ დაახლოებით 3 500 პირი პროგრამიდან გაგვეთიშა და შესაბამისი ხელფასის ჩარიცხვა შეგვეწყვიტა, ასევე მათ ის პრივილეგიაც მოეხსნათ, რომლის მიხედვით 4 წლის განმავლობაში სოცდაუცველი ოჯახების გადამოწმება არ მოხდებოდა“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2022 წელს ამოქმედებული სოციალურად დაუცველთა „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამით", 30 571 ადამიანი დასაქმდა. 8 811 სოციალურად დაუცველი კი, ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გასულ წელს დაიწყო. პირობების თანახმად, დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა; სამთავრობო პროგრამის წესების თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან კერძო სექტორში დასაქმების მიუხედავად, ასევე დასაქმების ფორმალიზების მიუხედავად, სოცდაუცველებს ოთხი წელი უწყვეტად უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობა ანუ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე ოთხწლიანი მორატორიუმი მოქმედებს.