იტალიურ სოფელ სანტა-ფიორაში საცხოვრებლად გადასვლის და დისტანციურად მუშაობის მსურველებს თვეში 200 ევროს გადაუხდიან. ამის შესახებ ამერიკული ფორბსი წერს.
გამოცემი ცნობით, იტალიური სოფელი ხალხს იმით მიიზიდავს, რომ მომავალ მობინადრეებს ბინის ქირის მხოლოდ 50%-ის გადახდა მოუწევთ, თუ ამ სოფელში გადავლენ საცხოვრებლად და დისტანციურად იმუშავებენ. ხოლო მათ, ვინც იტალიის მოქალაქეები გახდებიან და შვილი შეეძინებათ ან სასტუმროს გახსნიან, ქვეყანა კიდევ უფრო მეტ თანხას გადაუხდის. იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა ე.წ. საოჯახო წახალისება მიიღონ, მათ მოუწევთ სამსახურიდან ცნობის წარდგენა, რომ ნამდვილად დასაქმებულები არიან და თანაც - დისტანციურად მუშაობენ, თუმცა პროფესიას და საქმიანობის სფეროს ყურადღება არ ექცევა.
გამონაკლისი არც პენსიონერები არიან - მათაც შეუძლიათ ამ გარიგებით სარგებლობა, თუ ასაკის მიუხედავად, დამოუკიდებელ კონტრაქტორებად ან ონლაინ კონსულტანტებად მაინც მუშაობენ. ვინც სანტა-ფიორაში დარჩენას და ბიზნესის წამოწყებას გადაწყვეტს, მერია 30.000 ევრომდე თანხას გადაუხდის იმისთვის, რომ სოფელში არსებული რომელიმე ძველი შენობა სასტუმროდ აქციოს. ხოლო თუკი იტალიის მოქალაქე გახდებით და თან ქვეყანაში შვილიც შეგეძინებათ, კიდევ უფრო მეტ თანხას მიიღებთ - სანტა-ფიორაში დაბადებულ ყოველ ჩვილზე 1500 ევროს.
სანტა-ფიორას მერის თქმით, ამ ინიციატივის მიზანია ადამიანების წახალისება, რომ ნაკლებად დასახლებული სოფელი შეავსონ და აქედან დისტანციურად იმუშაონ, რადგან მისივე თქმით, სოფელს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც კი მოქნილ ოფისად იქცეს.




























