სოფლად ვაქცინაციის გააქტიურებისთვის 15 ოქტომბრიდან „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყება - ამის შესახებ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელმა ისაუბრეს.
თამარ გაბუნიას შეფასებით, ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია, რისთვისაც საკოორდინაციო საბჭოზე რამდენიმე წამახალისებელი მექანიზმის ამოქმედება განიხილეს.
„ვფიქრობთ, 15 ოქტომბრიდან საშუალება გვექნება სოფლად ვაქცინაციის გააქტიურებისთვის „ვაქცინაციის მარათონი“ დავიწყოთ. ასევე კვირის ბოლოსთვის ოჯახის ექიმებისა და ექთნებისთვის წახალისების პროგრამა დაიწყება, რაც ვაქცინაციაში 60 წლის ზემოთ მოსახლეობის მოზიდვისთვის კონსულტაციას და პირის აცრის შემთხვევაში მათთვის დამატებით ანაზღაურებას ითვალისწინებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
„ვაქცინაციის მარათონის“ დეტალებზე ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი მარათონი 68 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
"ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ე.წ. მარათონს ანუ იმუნიზაციის კვირეულებს ვამზადებთ. თბილისში სამიზნე (მოსახლეობის 60%) აცრის შედარებით კარგი მაჩვენებელი - 79% გვაქვს; მეორე ადგილზე სამიზნე მაჩვენებლის 58%-ით აჭარაა და მესამეზე - რაჭა-ლეჩხუმი 51%-ით. საწუხაროდ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშია.
პირველ ეტაპზე შევარჩიეთ 68 დიდი დასახლებული პუნქტი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 3 000-ზე მეტია, ეს ძირითადად სოფლებია, თუმცა საქართველოს ყველა რეგიონის მოსაცავად, მაგალითად რაჭაში, ლეჩხუმში ან სვანეთში 3 000 მოსახლით სოფელი არ არის, ამიტომ იქ მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრები შევარჩიეთ - ონი, ამბროლაური, ცაგერი, მესტია და ა.შ.
68 დასახლებულ პუნქტში ყალიბდება ჯგუფები, ვინც იმუშავებს. ყველგან არის ამბულატორია და სოფლის ექიმი, თუმცა დამატებით მობილური ჯგუფები თბილისიდან მობილიზდებიან. ვთვლით, რომ 15 ოქტომბერს 1-კვირიანი მარათონი დაიწყება. 68 სოფელი, დაახლოებით, 250 000 მოსახლეს მოიცავს, აქედან 25% ბავშვები არიან, ეს რიცხვი დააკლდება და სამიზნედ ავიღებთ კვლავ 60%-იან მაჩვენებელს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, "ვაქცინაციის მარათონები" 3 თვის განმავლობაში ყოველკვირეულად სხვადასხვა დიდ დასახლებაში ჩატარდება.
„ასეთი რამდენიმე კვირეული ჩატარდება და თუ გაამართლა, მაშინ ჩამოვალთ უფრო მცირე დასახლებებზე და 2 000-მოსახლიან სოფლებს ავიღებთ, რათა, დაახლოებით 3 500-მდე დასახლებული პუნქტი მოვიცვათ. ჩართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლებიდან თითოეული სოფლის რწმუნებული, ექთანი და ასევე თითოეულ სოფელზე გვეყოლება იმუნიზაციის ოფიცრები, მარტივი ენით რომ ვთქვათ, ვაქცინაციის აგიტატორები“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელმა.