საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ კანონში, რომელიც გარდამავალ დებულებებში განსაზღვრული ვადების გადავადებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.
"ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღეს მოქმედი ვადები ვერ უზრუნველყოფს ყველა კრიტიკული სისტემისა და მონაცემთა ბაზის სრულყოფილ ფუნქციონირებას. საუბარია „ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიან ელექტრონულ სისტემაზე“, რომლის დანერგვაც ფერმერული მეურნეობებისა და საწარმოების რეესტრების, მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემისა და სააგენტოს დაფინანსების მართვის მთლიან ციკლს უნდა მოიცავდეს განაცხადიდან თანხის გაცემამდე.
მინისტრის მოადგილის თქმით, ერთიანი ელექტრონული სისტემისთვის საჭირო მონაცემთა კონსოლიდაცია, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების (საჯარო რეესტრი, სურსათის ეროვნული სააგენტო და სხვა) ბაზების ინტეგრირება შედის, ამ ეტაპზე სრულად დასრულებული არ არის. შესაბამისად, გარდამავალი დებულებების ვადების კორექტირება გარდაუვალი გახდა.
კანონპროექტით რამდენიმე მნიშვნელოვანი ვადა იცვლება.
კანონქვემდებარე აქტები:
-
„მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ ნორმატიული აქტი – გამოცემული იქნება 2026 წლის 1 ივლისამდე (კანონის ამოქმედების მოქმედ ვადაზე 6 თვით გვიან).
-
„დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ“ აქტი – დამტკიცდება 2028 წლის 1 იანვრამდე, რადგან მისი ფუნქციონირება მთლიანად ინტეგრირებულ ელექტრონულ სისტემაზეა დამოკიდებული.
კანონის ნორმების ამოქმედება:
კანონით გათვალისწინებული ის მუხლები, რომლებიც უნდა ამოქმედებულიყო 2026 წლის 1 იანვრიდან, ორ ტალღად ამოქმედდება:
2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ნორმები, რომლებიც კავშირშია:
- გადამხდელ სააგენტოსთან,
- ფერმერული მეურნეობებისა და საწარმოების რეესტრთან,
- სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გეოინფორმაციულ და სივრცით მონაცემებთან,
- მონაცემთა გაცვლასთან.
2028 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ნორმები, რომლებიც მოიცავს:
- ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემთა ბაზების შექმნასა და მართვას,
- დაფინანსების განაცხადების ერთიან ელექტრონულ სისტემას,
- ანგარიშგებისა და მონაცემთა ერთიან ბაზას,
- ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის მონაცემთა ბაზებს.
სამინისტროს განმარტებით, არსებული ვადებით მოთხოვნილი სისტემების შექმნა ტექნიკურად და ინსტიტუციურად ვერ ხერხდება. სრულყოფილი ინტეგრაციისთვის დრო სჭირდება როგორც მონაცემთა ბაზების შექმნის, ისე უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის ახალი არქიტექტურის დანერგვის კუთხით. შესაბამისად, ახალი ვადები რეალისტურად ასახავს პროექტების ტექნიკურ საჭიროებებს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, გარდამავალ დებულებებში გაწერილი ვადები პირდაპირ კანონში დაფიქსირდება. ცვლილება უზრუნველყოფს იმას, რომ ზომიერად და ეტაპობრივად, სისტემების მზადყოფნაზე მორგებული გრაფიკით ამოქმედდეს როგორც საკანონმდებლო მოთხოვნები, ასევე ფუნქციონალური პლატფორმები, რომელთა გარეშე სოფლის მეურნეობის სექტორში ურთიერთდაკავშირებული პროცესების მართვა შეუძლებელი იქნებოდა.
ცვლილებების მიღება, ინიციატორთა თქმით, აუცილებელია მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე, რათა ახალ ვადებზე გადასვლა კანონიერად მოხდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.




























