მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებამ შიდა ქართლში აგროპროდუქციის გამოშვება გააორმაგა - კობახიძე

კობახიძე
14.09.24 18:57
278

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერმა ირაკლი კობახიძემ გორში ამომრჩეველთა შეხვედრის ღონისძიებაზე სახელისუფლებო პარტიის 12-წლიანი საქმიანობის „უმთავრესი შედეგები“ გამოყო.

მან აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამების 300 მლნ ლარით დაფინანსებით, კონკრეტულად შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა, ექსპორტი კი გასამმაგდა. ამასთან ერთად, ირაკლი კობახიძემ შემდეგი მიღწევები გამოყო და ბიძინა ივანიშვილის ამისთვის მადლობა გადაუხადა:

"- წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, 2,5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ ციხეებში სიკვდილიანობა;

- გათავისუფლდა ბიზნესი და დამკვიდრდა მედიის თავისუფლება;

- ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანას არა უცხოური აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული სუვერენული ხელისუფლება მართავს;

- საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს 28 მილიარდი ლარი იყო, ამ წლის ბოლოს კი 90 მილიარდ ლარს მიაღწევს;

- მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტი - 10 მილიარდი ლარით გაიზარდა;

- ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სამჯერ გაიზარდა პენსიები და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;

- რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი;

- ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც კონკრეტულად შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გააორმაგა და ამ პროდუქციის ექსპორტი გაასამმაგა;

- ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა;

- 680 ათასმა მოქალაქემ ქვეყნის მასშტაბით დააღწია თავი სიღარიბეს;

- „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია;

- საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ეს არის მიღწევები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება უნდა დავაფუძნოთ. თუ ჩვენ განვითარების დღევანდელ ტემპს შევინარჩუნებთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას და 10 მილიარდ ლარზე მეტით გავზრდით ქვეყნის ბიუჯეტს. შესაბამისად, მინიმუმამდე დავიყვანთ უმუშევრობასა და სიღარიბეს ჩვენს ქვეყანაში, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა.

ამ ყველაფრისთვის კი, მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა, რისთვისაც 26 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები