მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[NGO-ების ფონდი] წინასაარჩევნო ტრიუკია. "აგენტების კანონის" პოლიტიკური მარცხის განეიტრალება უნდათ - კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი NGO სექტორის დაფინანსებისთვის სახელმწიფო ფონდის შექმნის გეგმას წინასაარჩევნო მანიპულაციად და ე.წ. აგენტების კანონის პოლიტიკური მარცხის განეიტრალების მცდელობად აფასებს.

როგორც კახა გოგოლაშვილმა BMG-სთან განაცხადა, „ქართული ოცნების“ მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებს არასაჭირო ელემენტად მიიჩნევს, ამიტომ შეუძლებელია, ეს ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოების რეალურ გაძლიერებას ემსახურებოდეს. მისი თქმით, თუ მსგავსი ფონდი მართლაც შეიქმნება, მიზანი მთავრობის მომხრე ორგანიზაციების დაფინანსება იქნება.

„არჩევნების წინა პერიოდში ყველაფერი პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ამიტომ გულახდილობაზე, სახელმწიფო ხედვებზე საუბარი შეუძლებელია. მით უმეტეს, კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველ რიგში თავად კობახიძე, არასამთავრობო ორგანიზაციებს ზემოდან უყურებენ და არასაჭირო ელემენტებად მიიჩნევენ. გააზრებული არ აქვთ სამოქალაქო საზოგადოების როლი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში, მაგრამ არც აქვთ მიზნად დემოკრატიული მშენებლობა და სულ სხვა მიზნები აწუხებთ. ამიტომ, ეს ყველაფერი ისეთივე ყალბია, როგორც სხვა დაპირებები. უნდათ აშკარად ანტიდემოკრატიული აგენტების კანონის დიდი პოლიტიკური მარცხი რაღაცნაირად გაანეიტრალონ და აჩვენონ, რა ჰუმანურად არიან განწყობილები მათ მიმართ, ვინც დარეგისტრირდა. დაარქვეს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები, არასანდოდ გამოაცხადეს და ახლა ჰპირდებიან, ფულს გადაგიხდით და ჩვენ აგაშენებთო. რა თქმა უნდა, ეს არის მანიპულაცია, წინასაარჩევნო ტრიუკები და დაპირებები. თუ ასეთ ფონდს შექმნიან, იმისთვის, რომ დააფინანსონ თავისი მომხრე ორგანიზაციები, ასეთები ახლაც ჰყავთ, თავისი შექმნილი, რომლებსაც ივანიშვილი უხდის “ქართუ” ფონდიდან და ასე შემდეგ. აიღებენ და გადასახადის გადამხდელთა ფულს გადაუხდიან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ხოტბას შეასხამენ”,- ამბობს კახა გოგოლაშვილი.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ფონდის შექმნის ინიციატივა მან გასულ წელს, ეროვნული პარლამენტის პარლამენტთან შეხვედრაზე გამოთქვა. როგორც კახა გოგოლაშვილი განმარტავს, მისი იდეა მსგავსი ფონდის შექმნაში ყველა პარტიის ჩართულობას ითვალისწინებდა, მიზანი კი ის უნდა ყოფილიყო, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური დაფინანსების გარეშე დარჩებოდნენ, რაზეც პრაქტიკულად მთლიანად არიან დამოკიდებულნი, საქმიანობის გაგრძელების რესურსი ჰქონოდათ. კახა გოგოლაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ ეს იდეა სათავისოდ გამოიყენა და ორგანიზაციებს ეუბნება, რომ თუ მის სასარგებლოდ იმუშავებენ, დააფინანსებს.

„შარშან, როდესაც ეროვნული პლატფორმის შეხვედრა იყო პარლამენტთან და მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, დღევანდელი პრემიერი და „ქართული ოცნების“ ბევრი სხვა ლიდერი ესწრებოდა, პირადად მე წამოვაყენე წინადადება. სამოქალაქო საზოგადოება რომ არის დამოკიდებული მარტო უცხოურ დაფინანსებაზე და სხვა სახსრები არ არსებობს ქვეყანაში, უცხოური დაფინანსება ძალიან კარგია მეგობრებისგან, მაგრამ ხომ შეიძლება პრიორიტეტები შეიცვალოს, ეს დაფინანსება სხვაგან გადანაწილდეს და სამოქალაქო საზოგადოება დარჩეს რესურსის გარეშე და საქმიანობა ვეღარ გააგრძელოს. ამიტომ, ჩემი გაგებით ასე უნდა ყოფილიყო, რომ შექმნილიყო სახელმწიფო ფონდი, ოღონდ სრულიად დამოუკიდებელი. მის შექმნაში მონაწილეობა უნდა მიეღო ყველა პარტიას, ანუ ეს უნდა მომხდარიყო პლურალისტულად. მაშინ არავითარი დადებითი რეაქცია არ მოჰყოლია ამას მათი მხრიდან. კომპლიმენტიც კი არ გაუკეთებიათ, რომ კარგი იდეაა და ვიფიქრებთო, პირიქით, დაღონდნენ, ისეთი გამომეტყველება ჰქონდათ - გვაკრიტიკებენ, ჩვენს საქმეებში ერევიან და კიდევ ფული უნდა გადავუხადოთო. როგორც ყოველთვის, ეს იდეა გამოიყენეს თავის სასარგებლოდ. დღეს მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას აგენტებად აცხადებენ, რადგან უცხოური დაფინანსების გარდა სხვა დაფინანსება პრაქტიკულად არ არსებობს. ამ კონტექსტში ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური მიდგომა და ისეთნაირად ისმის, რომ ეუბნებიან: შევქმნით ფონდს და ჩვენზე იმუშავეთო“,- აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

შეგახსენებთ, მთავრობა, "რუსული კანონის" გამო უცხოური დონორებისგან დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის საპირწონედ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას ქმნის. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი საგრანტო პროგრამები მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან დაფინანსდება და ამ მიზნით მრავალი მილიონის გამოყოფა იგეგმება. ამასთან, პრემიერის თქმით, ვინც "რუსული კანონის" რეესტრში არ დარეგისტრირდა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი გრანტი არ უნდა მიიღონ და ეს ინიციატივა მხოლოდ იმ არასამთავრობოებმა უნდა გაიზიარონ, ვინც კანონს ემორჩილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები