მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სსიპ-ებში 11 მრჩეველია დასაქმებული - ვინაობას არ ამხელენ

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ) 11 მრჩეველია დასაქმებული.

ინფორმაცია BMG-მ სამინისტროდან გამოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაინტერესებდა მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირთა ვინაობა, განათლება, სამუშაო გამოცდილება, მათი მუშაობის ეფექტიანობის საზომი კრიტერიუმები, შრომის ანაზღაურების ოდენობაც, მაგრამ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და მხოლოდ მათი სამუშაო აღწერილობები მოგვწერეს.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 44-ე მუხლისა და „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია“, - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც ირკვევა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს ორი მრჩეველი ჰყავს. „მრჩევლის პოზიციებზე დასაქმებული პირების უფლებამოსილება ითვალისწინებს დარგობრივი მიმართულებების განვითარების ეფექტიანი სქემებისა და მიდგომების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობას“, - მოგვწერეს სამინისტროდან.

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ებში მრჩევლების რაოდენობა:

1. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ორი მრჩეველი
2. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო - ორი მრჩეველი
3. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო - სამი მრჩეველი
4. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი - ერთი მრჩეველი
5. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო - სამი მრჩეველი

სამინისტროს სხვა სსიპ-ებში მრჩეველი არ ჰყავთ ან მრჩევლის პოზიცია არ არსებობს, გარდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსი, სადაც მრჩევლის პოსტი ვაკანტურია.

news მომზადებულია BMG-ის და "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის" თანამშრომლობით, პროექტის - "მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ - ფარგლებში. დონორი - აშშ-ის საელჩო საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები