მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სოფლის მეურნეობის სტატისტიკაში, რომლითაც ხელისუფლება თავს იწონებს, ლომის წვლილი სწორედ დონორებს აქვთ“

6401ab82395c4
ინგა მურუსიძე
03.03.23 14:00
1054
23 დარგობრივი ასოციაცია პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს აგენტების შესახებ კანონი. განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებსა თუ პროექტებს, რომლებიც მიმართულია სოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ. ერთ-ერთი ხელმომწერია „მომავლის ფერმერი“, რომლის ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ კანონი მიღების შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში სერიოზული ხელის შემშლელი იქნება.

რუსუდან გიგაშვილმა განცხადებას ხელი დისტანციურად მოაწერა, ვინაიდან ამერიკაში, სწორედ დონორებთან შესახვედრად იმყოფებოდა. როგორც ის ამბობს, ჯერჯერობით საკითხზე ოფიციალურად არავინ სვამს კითხვებს, თუმცა არაოფიციალურ საუბრებში, კანონპროექტზე კითხვები უკვე ჩნდება.

„თუკი რამით თავს იწონებს ჩვენი ხელისუფლება, მათ შორის სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული სტატისტიკით, ამაში ლომის წვლილი საერთაშორისო პარტნიორებს და დონორ ორგანიზაციებს მიუძღვით. ასეთი განაცხადი [გავლენის აგენტად რეგისტრაცია] ძალიან მნიშვნელოვანი, ნეგატიური სიგნალია, რომ შეჩერდეს ეს მხარდამჭერები. აქ საუბარია არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ საგანმანათლებლო მხარდაჭერაზე. როცა ჩვენი სახელმწიფო ვერანაირ მხარდაჭერას ვერ დებს საგანმანათლებლო დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სახელმწიფოს ნებისმიერი ინტერვენცია, თითოეული გადამზადებული სპეციალისტიც კი. ვერც ვიჯერებ, ვერ აღვიქვამ სერიოზულად ამ საკითხს. მაინც ვფიქრობ, რომ კანონად ვერ იქცევა. მაინც მგონია, რომ იქნება ისეთი ძლიერი წინააღმდეგობა, რომ შეჩერდება განხილვა. თუ ასე არ მოხდება, ერთ დღეს გავიღვიძებთ საბჭოთა კავშირში, ალბათ დავიხურავთ ქუდს და წავალთ ამ ქვეყნიდან, ეს გამოსავალი კი არავის გვინდა“, - განაცხადა გიგაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები