მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ არ გაუქმდება, ის მოდერნიზდება - რეგიონული განვითარების მინისტრი

კახაბერ გულედანი

რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არ გაუქმდება და მომავალში შესაძლოა მისი მოდერნიზება მოხდეს. ამის შესახებ კახაბერ გულედანმა მინისტრის რანგში პარლამენტში ინტერპელაციის წესით პირველი გამოსვლისას განაცხადა.

რეგიონული განვითარების მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციით „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა გუნდმა დაიბარა. მათი ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: რას ფიქრობთ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთან“ დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის შეფასებით არაეფექტიანია და შესაძლოა დაკავშირებული იყოს კორუფციულ გარიგებებთან? გაქვთ, თუ არა კონკრეტული გეგმა ამ „პროგრამის“ ეფექტიან და საზოგადოების ინტერესებზე მორგებულ პროგრამად გარდაქმნა-ჩამოყალიბებაზე?

კახაბერ გულედანი არ ეთანხმება მათ მოსაზრებას, რომ პროგრამა არაეფექტიანია, თუმცა აცხადებს, რომ მისი არსებობის შესახებ ცენტრალურ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს პროგრამა არაეფექტიანია. აღნიშნული პროგრამა წლების განმავლობაში მუშაობდა და ერთხელ უკვე ეს პროგრამა გაუქმდა, ხოლო შემდგომ მოსახლეობის ფართო ინტერესების გათვალისწინებით ამ პროგრამა ფუნქციონირება გააგრძელა და დღესაც მუშაობს. მას შემდეგ რაც რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა ჩვენ კიდევ ერთხელ მივუბრუნდით ამ საკითხს და განვიხილეთ მუნიციპალიტეტის მერებთან, დეპუტატებთან, ასევე ბატონ ირაკლისთან კომიტეტის ფორმატში, სადაც მერები და დეპუტატებიც ესწრებოდნენ. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ მიზანშეწონილად ამ პროგრამის გაუქმებას, რადგან მას თავისი ბენეფიციარები ჰყავს და ეს პროგრამა მისაწვდომია აბსოლუტურად ყველა სოფლისთვის და ამ პროგრამაში ყველაზე მეტია მოქალაქეთა ჩართულობა. მას შემდეგ რაც ჩვენ მუნიციპალიტეტების გრძელვადიან გეგმაზე გადავალთ, ამ გეგმებში აისახოს ყველა სოფლის საჭიროება და მოხდეს ამ პროგრამის მოდერნიზება, თუმცა მიმდინარე წელს ამ პროგრამის გაუქმებას არ განვიხილავთ“, - განაცხადა გულედანმა.

ხოლო კითხვაზე შესწავლილია თუ არა ბოლო წლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ათეული მილიონი ლარის აუთვისებლობის მიზეზები, რეგიონული განვითარების მინისტრი აუთვისებლობის რამდენიმე მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტები აუთვისებელ თანხებს მომდევნო წელს ხარჯავენ.

„ინფრასტრუქტურულ პროექტებში როგორც სოფლის მხარდაჭერის, ასევე სხვა პროგრამებში შესაძლებელია აუთვისებლობის მრავალი მიზეზი არსებობდეს. პირველი შეიძლება იყოს გასაჩივრებული ტენდერები. ხშირია შემთხვევები როდესაც კომპანიები რომლებიც ვერ იგებენ ტენდერებს სასამართლოში ან დავების საბჭოში ასაჩივრებენ.

პროცესი იწელება და ზოგიერთ შემთხვევაში იწელება პროექტის დაწყება-დასრულებაც, არის შემთხვევები როდესაც რეალობიდან გამომდინარე მიმდინარე პროექტებში ხდება კორექტირებების შეტანა - ესეც აფერხებს სამუშაო პროცესს. გვაქვს კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან, საქმის არაჯეროვნად შესრულების ფაქტები, კლიმატური პირობები, სტიქიური მოვლენები და ფორსმაჟორული სიტუაციები - ეს გახლავთ ძირითადი აუთვისებლობის მიზეზები.

რაც შეეხება სტატისტიკას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იყო 2003 წელს აუთვისებელი იყო 6 მილიონი და ათვისება 85%, 2024 წელს 5.2 მლნ ლარი და ათვისება 87%, 2025 წელს 7.6 მლნ ლარის აუთვისებლობა და შესრულება 81%. რაც შეეხება ამ აუთვისებელ თანხებს ეს თანხები რჩება მუნიციპალიტეტებში და თუ საანგარიშგებო დღეს ვერ ხერხდება ამ თანხების ათვისება, პროექტები მომავალ წელს მაინც ხორციელდება“, - განაცხადა კახაბერ გულედანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები