ჩიპების მწარმოებელმა ამერიკულმა გიგანტმა, Intel-მა $2-მილიარდიანი ინვესტიციის სანაცვლოდ იაპონური SoftBank-სთვის ახალი აქციები გამოუშვა და ფინანსურ ორგანიზაციას კომპანიის წილების 2% გადასცა. გარიგების შედეგად, SoftBank-ი Intel-ის ათ უმსხვილეს აქციონერს შორის მოექცა. შეთანხმების ფარგლებში, თითო აქციის ღირებულება $23 იქნება. აღსანიშნავია, რომ სერიოზული ინვესტიციის მიუხედავად, SoftBank-ი კომპანიის აღმასრულებელ ბორდში ადგილს ვერ მიიღებს.
რთული ვითარების ფონზე, დადებული გარიგება Intel-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. კომპანიის აქციების ფასი ბირჟაზე ერთბაშად 7%-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ იაპონური მსხვილი ფინანსური ინსტიტუტისთვის Intel-ში განხორციელებული ინვესტიცია ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი არ არის. ბანკი ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების მწარმოებელ კომპანიებში არაერთ ინვესტიციას ახორციელებს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული OpenAI-სთან ერთად დაგეგმილი უმსხვილესი დატა ცენტრის მშენებლობაა, რომლის ღირებულებაც $500 მილიარდი იქნება.




























