"სამთო ლაშქრობის ტურიზმის წარმომადგენლები ახალი მარშრუტის გახსნით არიან დაინტერესებული, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიასა და კრასნაია - პოლიანას აფხაზეთთან დააკავშირებს", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის სამინისტროს ტურისტული ინდუსტრიის ანალიზის, პროგნოზირებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ინარა ბენიამ განაცხადა.
როგორც ინარა ბენია აღნიშნავს, მსგავსი მარშრუტის გაშვება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც უსაფრთხოების საკითხები მოგვარდება და მარშრუტები საჭიროებისამებრ აღიჭურვება. მისი თქმით, აფხაზეთში სამთო ლაშქრობისთვის ოფიციალური მუშაობის ნებართვა მხოლოდ 8 ინსტრუქტორს აქვს.
ცნობისთვის, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე დიდი კავკასიური ბილიკის შექმნა იგეგმება. საკითხზე, გროზნოში, კავკასიის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს. რუსეთის კურორტ "კრასნაია პოლიანას" გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დირექტორის განცხადებით, ყარაჩაი - ჩერქეზეთიდან აფხაზეთამდე და კრასნაია - პოლიანადან რიწის ეროვნულ პარკამდე ტურისტული მარშრუტის შექმნა, შესაძლებელია.