კომპანია "რეპსოლის" განცხადებით, შპს "სოლიდუსისთვის" საწვავის დამატებით მიწოდებას აღარ გეგმავენ. ამის შესახებ კომპანიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
საქმე ისაა, რომ „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში გაყიდული საწვავი, კომპანია „რეპსოლისგან“ შეიძინა, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს.
როგორც "რეპსოლში" აცხადებენ, აღნიშნული მიწოდება იყო სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში და დამატებით მიწოდებას აღარ გეგმავენ.
ამასთან, კომპანიამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სად განახორციელებს შპს "სოლიდუსი" ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას მათთან არ თანხმდება და სცდება მათი პასუხისმგებლობის ფარგლებს.
"შპს „რეპსოლი“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
ბოლო დროს არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, კომპანია ახერხებს საქართველოს მოსახლეობისთვის შეინარჩუნოს სტაბილური მიწოდების ჯაჭვი და მოსახლეობას შესთავაზოს ევროპული საწვავი საუკეთესო ფასად, კომპანიის მფლობელობაში არსებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, „CONNECT“-ის მეშვეობით.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საბითუმო/კორპორატიული გაყიდვების ფარგლებში, კომპანია ახორციელებს 3000-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებას, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით.
მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას. ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება და სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს „სოლიდუსს“ მიღებული აქვს სპეციალური თანხმობა, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა.
გვსურს მკაფიოდ განვმარტოთ, რომ შპს „რეპსოლი“ სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებს. შესაბამისად, მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა",- წერია კომპანიის განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტის გამწვავების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებულმა სპეციალური სტატუსის მქონე კომპანია „სოლიდუსმა“ ბოლო დღეების განმავლობაში, ოკუპირებულ რეგიონში 400 ტონა საწვავი გაყიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი არველაძე ამბობს, ეს აფხაზეთში საწვავის გაყიდვის პირველი შემთხვევა იყო და მოთხოვნის არსებობის პირობებში, საწვავის მიწოდებას გააგრძელებს.




























