მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სოლო”-ში 1 ტონა ცემენტი 10 ლარით გაძვირდა

646b558b18146
ლიკა გურაბანიძე
23.05.23 00:00
1389
ცემენტის მწარმოებელ კომპანია შპს “სოლო”-ში განმარტავენ, რომ ერთი წლის განმავლობაში იმპორტირებული ნედლეულის გაძვირების ფონზე კომპანიაში 1 ტონა ცემენტი 10 ლარით გაძვირდა. მათი თქმით, მაგალითად, თუ ადრე ცემენტი 240 ლარი ღირდა, ახლა მისი ღირებულება 250 ლარია.

კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ თუ ნედლეულზე ფასის ზრდა გაგრძელდება ცემენტის ღირებულების მატება კომპანიაში სექტემბერში კვლავ შესაძლებელია.

“შიდა ბაზარზე რა ნედლეულსაც მოვიხმართ ყველაფერი გაგვიძვირდა. გაძვირებულია მათ შორის, ინერტული მასალებიც, როგორიცაა თაბაშირი, ღორღი და ბაზალტი. ჩვენი მთავარი ნედლეული კლინკერი აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს და ისიც გაძვირებულია. მაგალითად, ერთ წელში კლინკერის ფასი 7 დოლარით გაიზარდა. აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ფასების ცვლილებას კვლავ ველოდებით.

ჩვენს სექტორში ყველაფერი ერთმანეთს ებმის - ცემენტის გაძვირება ბეტონზე ფასს ზრდის, რაც საბოლოოდ მშენებლობის ღირებულებაზე აისახება. ჩვენი კომპანია ექსპორტს სომხეთში ახორციელებს და მიმდინარე წელს გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ლარის გამყარების ფონზე ექსპორტზე ფასიც 6 დოლარით გავზარდეთ,” - აღნიშნეს კომპანიაში.


TBC კაპიტალის სამშენებლო სექტორის კვლევის თანახმად, მოთხოვნის ზრდის შედეგად, 2022 წელს სამშენებლო მასალების ბაზარი, რომელიც მოიცავს არმატურის და ფოლადის სხვა მასალების, ცემენტის, ბეტონის, ინერტული მასალის და საკედლე ბლოკის წარმოებას და იმპორტს ექსპორტის გამოკლებით, 2021 წელთან შედარებით დოლარში 30%-ით, ხოლო ლარში 18%-ით გაიზარდა.

საქართველოში, სამშენებლო მასალების ფასებმა ლარში 2022 წლის მეორე ნახევრიდან კლება დაიწყო და 2023 წლის თებერვალში წინა წლის დონეს მიაღწია. თუმცა, დოლარში ფასები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და თებერვლის მდგომარეობით წლიურად 14%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები