მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია

ფაშინიანი კობახიძე

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე საქართველო სომხეთისთვის სტრატეგიული პარტნიორია. ამის შესახებ მან თბილისში, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთო ინტერესებს ევროინტეგრაციისა და რეგიონული სტაბილურობის კუთხით.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ ეს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველია.

„მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვუსურვო საქართველოს ხანგრძლივი მშვიდობა და იმ საკითხების მოგვარება, რაც მისთვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევები არ არის მარტივი. ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ არსებული პრობლემები და ეს გამოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებეული იქნება. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება “ტრიპის” პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობებში. ასევე, მოვუყევი მას სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის. ეს ის საკითხია, რაზეც გვქონდა ასევე საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, სადაც ვითანამშრობლებთ მომავალშიც და ხელშესახები შედეგებიც გვექნება“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები რთულია, თუმცა არსებობს პრობლემების დაძლევის პოტენციალი, რასაც სომხური მხარე ოპტიმიზმით უყურებს.

ბრიფინგზე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ქართველ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სომხეთის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ.

    ნიკოლ ფაშინიანმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური თანამშრომლობა. მან მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მიღწეული შეთანხმებები მალე აისახება ხელშესახებ შედეგებში.

    „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს თბილ ურთიერთობებს. ამ შეხვედრების შემდეგ პირველი, რაზეც ვფიქრობთ, არის ის, თუ როდის შედგება შემდეგი შეხვედრა. ჩვენი თანამშრომლობის ხელშესახები შედეგების ნახვას მალე შევძლებთ“, - დასძინა სომხეთის პრემიერმა.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები