სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ჰოვანეს ხაჩატრიანმა BMG-ის სომხეთის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი კრიპტო აქტივების რეგულირებას გეგმავს.
ხაჩატრიანის თქმით, ცენტრალური ბანკი პარლამენტთან ერთად მუშაობს საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც პირველ რიგში განსაზღვრავს კრიპტოაქტივებს, როგორც აქტივების ერთ-ერთ სახეობას, რის შესახებაც ჩანაწერი უნდა შევიდეს საგადასახადო კოდექსში. ამასთანავე, მუშაობა მიმდინარეობს სხვა კანონპროექტებზეც, რომლების შედეგადაც ამ აქტივების ყიდვა-გაყიდვის წესები განისაზღვრება.
"ზოგადად რომ ვისაუბროთ ეს საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით ყველა მარეგულირებლისთვის. მსოფლიოში დაახლოებით 20-მდე ქვეყანას აქვს ამ აქტივების სრულმასშტაბიანი რეგულირების ნორმები. სომხეთში გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც არაერთ კანონსა და დებულებაში ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას. ამ საკითხებს ამჟამად საფინანსო სექტორთან განვიხილავთ. ვსაუბრობთ იმ კომპანიებთან, რომლებიც ჩართული არიან აღნიშნული აქტივებით ტრანზაქციების სერვისის მიწოდებაში, თუმცა მათ ლიცენზია არ აქვთ, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს VASP-ების ლიცენზიები. არის არაერთი რამ რაც ამ მხრივ უნდა გატარდეს, დაწყებული საგადასახადო კოდექსით, სამოქალაქო კოდექსით გაგრძელებული, ასევე სხვა კანონებშიც არის შესატანი ცვლილებები. კანონი მოიცავს კრიპტოაქტივების კლასებს, აქ არის სხვადასხვა გამონაკლისებიც, მაგალითად NFT-ის შემთხვევაში და ასე შემდეგ. ასევე კანონპროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ზომები და ის, რომ თანხების წარმომავლობა უნდა იყოს გამჟღავნებული. შესაბამისად ჩვენ ვხსნით მთავრობისა და პარლამენტის დონეზე უფრო ფართო დისკუსიას და მოველით რომ ამ პროცესის შედეგად ეს საკანონმდებლო პაკეტი უფრო სრულ სახეს მიიღებს,"- განაცხადა ჰოვანეს ხაჩატრიანმა.