სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობისა და საერთო საზღვრის გახსნისთვის მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტის მქონე თურქეთის და სომხეთის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ტალინში ესტონელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
„სომხეთი მზადაა თურქეთთან ურთიერთობის სრულად ნორმალიზებისთვის, დიპლომატიური კავშირების ჩამოყალიბებისა და საზღვრების გახსნისთვის. თურქ კოლეგებთან დიალოგისას, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ გავხსნათ საზღვრები და დავსახეთ ის ნაბიჯები, რაც შეიძლება ურთიერთობის ნორმალიზებისთვის გადაიდგას“, - განაცხადა მირზოიანმა.
ცნობისთვის, გასულ თვეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანი თურქეთთან დამოკიდებულების შეცვლას გეგმავს. ივნისში კი ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების სრულად აღდგენის მნიშვნელობას.