მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო: თბილისისგან კონიაკის ტრანზიტის გაჭიანურებაზე განმარტება არ მიგვიღია

ლარსი

სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ "რადიო თავისუფლების" სომხურ სამსახურს წერილობით განუცხადა, რომ ერევანს თბილისისგან არ მიუღია განმარტება სომხური კონიაკის ტრანზიტისას საზღვარზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ კონიაკით დატვირთული 52 სატვირთო "ლარსზე" იყო გაჩერებული მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსეთში შესვლის ნებართვა ჰქონდა. სომხური მედიის ცნობით, შემოწმების პროცესის გაჭიანურების გამო, სომეხი ექსპორტიორები ფინანსურ ზარალს განიცდიდნენ. ამასთან, 5 ივნისს, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 6 ივნისს ერევანში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს ელოდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დავით სონღულაშვილი სომხეთში აღარ ჩასულა.

საქმე ის არის, რომ გასულ თვეს ერევანში საქართველოს საელჩოსთან კონიაკის ადგილობრივმა მწარმოებლებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი საქართველოში საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხანგრძლივი კონტროლის პროცედურებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ დროში გაწელილი პროცესს მათთვის დიდი ზარალი მოაქვს. სომხეთის დამსაქმებელთა რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარემ გაგიკ მაკარიანმა განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟოზე სომხური კონიაკით დატვირთული მანქანების დიდი ხნით გაჩერების საკითხზე, სომხეთის ხელისუფლებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და ევრაზიულ კავშირს უნდა მიმართონ, რადგან ქართული მხარიდან პრობლემის გადაჭრის ნაბიჯებს ვერ ხედავს.

საკითხთან დაკავშირებით BM.GE-იმ ფინანსთა სამინისტროს მიმართა კითხვით - კონტროლის მიზნით სომხური კონიაკით დატვირთული რამდენი მანქანაა საბაჟოზე გაჩერებული და რა ვადა სჭირდება 1 სატვირთოს საბაჟო პროცედურებისთვის. თუმცა შემოსავლების სამსახურიდან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. უწყებამ გვაცნობა, რომ საქართველოს მასშტაბით არსებულ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ყველა პროცედურა სტანდარტების დაცვით ხორციელდება. მათივე ინფორმაციით, საქართველომ მაისში ამ პერიოდამდე (23 მაისი) სომხური კონიაკით დატვირთული 27 სატრანსპორტო საშუალება გაატარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები