სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ელექტრომომმარაგებელი კერძო კომპანია "სომხეთის ელექტროქსელების" ნაციონალიზაციისა და ენერგოსექტორში მთავრობის პრევენციული ჩარევის შესახებ მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებას I მოსმენით მხარი დაუჭირა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცვლილებას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 30.
მმართველი პარტიის დეპუტატების მტკიცებით, მოქმედი კანონი მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ დარღვევებს მოიცავს, რომლებიც ენერგოკომპანიებში უკვე გამოვლინდა, ადრეულ ეტაპზე რისკების პრევენციის ზომები კი, კანონით გათვალისწინებული არ არის.
ინიციირებული ცვლილებით, მთავრობა გამოუვალ სიტუაციებში რისკების სამართავად ენერგეტიკის სექტორის საქმიანობაში უნდა ჩაერიოს. ეს მოიცავს ქვეყნის ელექტრომომმარაგებელი კომპანია "სომხეთის ელექტროქსელებზე" (ENA) კონტროლის დამყარებასაც.
ENA სომეხი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის მფლობელობაში არსებული რუსულ-სომხური ჰოლდინგის, Tashir Group-ის შემადგენლობაშია. მთავრობის წევრები კარაპეტიანს კომპანიის არასათანადო მენეჯმენტში ადანაშაულებს, რამაც, მათი თქმით, "თითქმის" ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.
საქმე ისაა, რომ გასულ თვეს სომხეთის მთავრობამ სამველ კარაპეტიანი ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებებისთვის დააპატიმრა. "რადიო თავისუფლების" სომხეთის ბიუროს ინფორმაციით, ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა Tashir Group-ის სათავო ოფისში ჩხრეკის სამუშაოები ჩაატარა და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა ამოიღო. მათი თქმით, ჩხრეკა ნაწილი იყო კრიმინალური გამოძიებისა, რომელიც გადასახადებისთვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრების საქმეს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ კარაპეტიანის დაკავებიდან მალევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პირობა დადო, რომ „სწრაფად“ მოახდენდა Tashir Group-ის საკუთრებაში არსებული „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციას. ფაშინიანის განცხადებით, კარაპეტიანი მიზნად ხალხისა და მთავრობის გახლეჩას ისახავდა.
კარაპეტიანის მხარდამჭერი მედიები და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ENA-ს ნაციონალიზაცია და Tashir Group-ის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება სინამდვილეში ბიზნესმენისა და სომხეთის ხელისუფლების დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული, რომელიც მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ფაშინიანმა სომხეთის პატრიარქის გადაყენება მოითხოვა. მილიარდერმა ბიზნესმენმა ეკლესიისადმი მხარდაჭერა საჯაროდ დააფიქსირა, რასაც პრემიერისგან ასევე საჯარო კრიტიკა მოჰყვა.




























