სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორები მთავრობისგან ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში იმპორტის ბაჟის სრულ კომპენსაციას მიიღებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის 4 ივნისის სხდომაზე იქნა მიღებული.
გადაწყვეტილების პროექტის წარდგენისას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, არმან ხოჯოიანმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ამ კომპენსაციის გაცემა 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო, თუმცა მხოლოდ გადამმუშავებელი მრეწველობის საქონელზე და არა ახალ ხილსა და ბოსტნეულზე. ამ გადაწყვეტილების შედეგად კი კომპენსაციას აგროპროდუქტების ექსპორტიორებიც მიიღებენ.
სომხეთის მინისტრთა კაბინეტის დღეს მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიხედვით, სათბურის ახალი პომიდვრის, წიწაკის, მარწყვისა და ყვავილების ექსპორტიორები ალტერნატიულ ბაზრებზე პროდუქტის გასატანად (რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით) დახმარებას მიიღებენ.
ამასთან, ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რომ სომხურ პროდუქციაზე რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ევროკავშირი სომხეთისთვის მხარდაჭერის 50 მლნ ევროს მოცულობის მხარდაჭერის პაკეტს ამზადებს.
ცნობისთვის, „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის, კურკოვანი ნაყოფისა და ყურძნის, ასევე თესლოვანი კულტურებისა და ჩირის შეტანა აკრძალა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფერმერებს იმ გაფუჭებული მოსავლის ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა, რომლის რუსეთში გაგზავნასაც ისინი მოსკოვის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო ვერ შეძლებენ.
ამას წინ უძღოდა 2025 წელს სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღება. მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროული წევრობა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ერევანი საკუთარ დღის წესრიგს ორივე კავშირს მანამდე შეუსაბამებს, სანამ ეს შესაძლებელი იქნება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ სომხეთმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის შესახებ და ასეთ შემთხვევაში „რბილი და ინტელიგენტური განქორწინების“ გზა შესაძლებელი იქნებოდა. ასტანაში 29 მაისს გამართულ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შემდგომი დარჩენის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდეს.




























