სომხეთის მთავრობა დღეს, 2 აგვისტოს გადადგა. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კონსტიტუციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცედურაა, რომელიც ახალი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყებას უკავშირდება.
„დღეს დაიწყო სომხეთის მეცხრე მოწვევის ეროვნული კრების სხდომა. სომხეთის კონსტიტუციის 158-ე მუხლის შესაბამისად, ახალი პარლამენტის მუშაობის პირველ დღეს მთავრობა გადადგომის შესახებ აცხადებს. მე ხელი მოვაწერე შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის სახელზე და ვთხოვე მთავრობის გადადგომის მიღება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ახალი კაბინეტის ფორმირებამდე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დროებით განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.
ფაშინიანმა დასძინა, რომ კონსტიტუციის 149-ე მუხლის თანახმად, სომხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად დაუყოვნებლივ დანიშნავს იმ კანდიდატს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს. უმრავლესობა კანდიდატურას დღესვე დაასახელებს.



























