მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე "ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის მონაწილეობას აბსურდულს უწოდებს

ზანგეზური

სომხეთის ეროვნული კრების [პარლამენტის] თავმჯდომარე ალენ სიმონიანი „ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის ჩართულობის შესაძლებლობას „აბსურდად“ აფასებს და ამბობს, რომ TRIPP პირველ რიგში სომხურ-ამერიკული ინიციატივაა. ამის შესახებ მან Factor TV-სთან ინტერვიუში TRIPP („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) რუსეთის შესაძლო ჩართვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„თუ საუბარია რომელიმე მარშრუტის ან გზის გახსნაზე, ჩემი აზრით, ეს ცალკე ინიციატივად უნდა გაფორმდეს. TRIPP-ის ფარგლებში ეს გარკვეულწილად აბსურდულად გამოიყურება, რადგან, არსებითად, ეს ნიშნავს ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ TRIPP-მა ვერ იმუშაოს“, — განაცხადა სიმონიანმა.

საქმე ის არის, რომ 30 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა მზადყოფნას, შეისწავლოს პროექტში „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ჩართვის შესაძლო ვარიანტები.

რუსული მხარის მხრიდან გამოვლენილი ინტერესს სპიკერმა ზესახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ქცევის ნორმალური მოდელი უწოდა და განაცხადა, რომ ამაში ახალი ან უჩვეულო არაფერია, რადგან ყველა სახელმწიფო დაინტერესებულია მეზობელ ქვეყნებში საკუთარი გავლენის შენარჩუნებითა და გაფართოებით.

Newsarmenia წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, კითხვაზე — განიხილება თუ არა რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობა „ტრამპის მარშრუტში“, აღნიშნა, რომ TRIPP სომხურ-ამერიკული პროექტია, ამიტომ ნებისმიერი მესამე მხარის მონაწილეობა სომხეთისა და აშშ-ის თანხმობას საჭიროებს.

ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ „ტრამპის მარშრუტის" განხორციელებისთვის ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ შეიქმნება TRIPP-ის განვითარების კომპანია, რომლის 74%-ს სომხეთი აშშ-ის გადასცემს, ხოლო 26% სომხეთს დარჩება. კომპანიამ მთავრობათაშორისი თანამშრომლობა კორიდორში სარკინიგზო და საგზაო პროექტების განვითარების მიმართულებით უნდა უზრუნველყოს.

8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირება იყო. ეს იგივეა, რასაც აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებენ, რაც რეალურად არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან. თავის მხრივ ამერიკას "ტრამპის მარშრუტზე" კონტროლი 100 წლით უნდა. აღსანიშნავია, რომ "ტრამპის მარშრუტი" მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას რკინიგზას, საავტომობილო გზას და ენერგომილსადენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები