სომხეთის სააპელაციო სასამართლომ, მილიარდერ სამველ კარაპეტიანის შინაპატიმრობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას News.am ადვოკატ არამ ვარდევანიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბიზნესმენის უფლებადამცველი აცხადებს, რომ შუამდგომლობა კარაპეტიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ უარყოფილ იქნა. გადაწყვეტილება ადვოკატების მონაწილეობით გამართული 14-საათიანი სხდომის შემდეგ მიიღეს. ადვოკატი მომხდარს "პოლიტიკური დევნის აბსურდულ ინტენსივობად“ აფასებს და ამბობს: „სხვათა შორის, სამველ კარაპეტიანისთვის საჯარო გამოსვლებზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა“.
ბიზნესმენის ძმისშვილის ინფორმაციით, მისი ბიძა სახლში კვირას, 18 იანვარს იქნება.
კარაპეტიანი 30 დეკემბერს საგამოძიებო იზოლატორიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, თუმცა სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენის იზოლატორში დაბრუნება მოითხოვა. 16 იანვარს სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რის შემდეგაც კარაპეტიანი „ერევან-კენტრონის“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, ამის გამო შეწყდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სტაციონარული მკურნალობა, რომლის დიაგნოზიც კორონავირუსი და ორმხრივი პნევმონია იყო.
სომხეთში კარაპეტიანს ბრალად ედება საჯარო მოწოდებებით, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა (სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მისი ადვოკატები სისხლის სამართლებრივ დევნას ბიზნესმენის განცხადებებს უკავშირებენ, რომლებიც 2025 წლის ივნისში, სომეხთა კათალიკოსთან გარეგინ II-სთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის არსებული კონფლიქტის ფონზე. მაშინ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ სომხურ ეკლესიას და სომეხ ხალხს ყოველთვის მხარს უჭერდა და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იყო მოვლენებში თავისებურად მიეღო მონაწილეობა.
მოგვიანებით კარაპეტიანს ბრალი ასევე წარედგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდისგან თავის არიდებისა და ფულის გათეთრების საქმეებზე. ის არცერთ ეპიზოდში დანაშაულს არ აღიარებს.
ბიზნესმენი „ტაშირ ჯგუფის“ (Tashir Group) მფლობელია. რუსული Forbes-ის 2025 წლის აპრილის შეფასებით, მის ქონება 3,2 მილიარდ დოლარია.



























