სომხური მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა სომხეთის მეორე პრეზიდენტს ზვართნოცის აეროპორტიდან ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს. როგორც ირკვევა, რობერტ ქოჩარიანი წინასწარ დაგეგმილი პირადი ვიზიტით რუსეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა მას საზღვრის გადაკვეთა აუკრძალეს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რობერტ ქოჩარიანის ოფისმა ექსპრეზიდენტის რუსეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღით გაავრცელა და ამით მოსალოდნელი დეზინფორმაციის თავიდან არიდება სცადა.
საყურადღებო ფაქტია, რომ ვიზიტის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა და განაცხადა, რომ მის პოლიტიკურ ოპონენტებს ქვეყნიდან გაქცევის შესაძლებლობას არ მისცემდა.
რობერტ ქოჩარიანის გუნდმა მომხდარ ფაქტს უკანონობა უწოდა და არსებული ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. გამოცემა Factor.am-თან საუბრისას, ყოფილი პრეზიდენტის შვილმა, ლევონ ქოჩარიანმა სამართალდამცველების ქმედებები გააკრიტიკა და საზღვრის კვეთის აკრძალვას უსაფუძვლო უწოდა.
ექსპრეზიდენტის პარტიის ოფისის ხელმძღვანელმა, ბაგრატ მიქოიანმა მმართველი ძალა მკაცრად დაგმო და მომხდარი ინციდენტი ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმის პირდაპირ შედეგად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მასში აქტიურ მონაწილეობას რობერტ ქოჩარიანის ალიანის "სომხეთიც" იღებდა. ქვეყნის ყოფილი ლიდერის გუნდმა ხმათა 9.9%-ის მიღება და 12 მანდატის მოპოვება შეძლო.




























