29 ოქტომბერს სომხეთის მთავრობამ, ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში საჭირო ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა.
როგორც BMG-ის სომხეთის ბიურო წერს, შეხვედრა მიეძღვნა იმ ძირითადი ღონისძიებების განხილვას, რომლებიც სომხეთმა უნდა განახორციელოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გასამარტივებლად. ვიცე-პრემიერის სახელით დაზუსტდა სამუშაო ჯგუფში შემავალი დეპარტამენტების ფუნქციები და ხაზი გაესვა ევროკავშირთან მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც 2024 წლის ნოემბერში დაიწყება.
სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ჯგუფი იმუშავებს უწყებათაშორისი კომისიის ქვეშ, რომელიც უზრუნველყოფს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელებას.
შემუშავებული სამოქმედო პროგრამა იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების ცალკეული პაკეტი, რომელიც იმუშავებს, პირველ რიგში, როგორც სტრატეგიული მოდერნიზაციის გეგმა მიგრაციის, შიდა უსაფრთხოებისა და საზღვრების მართვის მიმართულებით.
ცნობისთვის, სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას 17 ივლისს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ელჩმა დაუჭირა მხარი. ამას წინ უძღოდა ერევანსა და ბრიუსელს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები.