რამდენიმე პირობაა დასაკმაყოფილებელი იმისათვის, რომ ჩვენ რეალურად მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია, - ამის შესახებ BMG-ის სომხეთის ბიუროს სომხეთის ეროვნული ასამბლეის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა, არმან იეგოიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ამისთვის სომხეთს ოთხი მთავარი პირობის დაკმაყოფილება მოუწევს. მათ შორის ბიომეტრიული პასპორტები, ინტეგრირებული სასაზღვრო კონტროლი, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და სადაზღვევო სისტემა.
"პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვქონდეს ბიომეტრიული პასპორტების სისტემა, ვინაიდან ეს არის ისეთი პასპორტი, რომელსაც ევროკავშირი იღებს უვიზო მოგზაურობისას. მეორე - დაკავშირებულია სამედიცინო დაზღვევასთან, მესამე - ჩვენ უნდა გვქონდეს ანტიდისკრიმინაციული ნორმები და რეგულაციები, რათა შეგვეძლოს ვთქვათ, რომ ადამიანები არ იქნებიან დისკრიმინირებული და ნაკლებად იქნება იმის ალბათობა, რომ ეს ადამიანები არალეგალურად წავიდნენ ევროკავშირში. ესეც მნიშვნელოვანი პირობაა და მეოთხე ზომა დაკავშირებულია სასაზღვრო კონტროლთან. კერძოდ, ინტეგრირებულ სასაზღვრო კონტროლს", - განაცხადა სომხეთის ეროვნული ასამბლეის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამ პირობების დაკმაყოფილება ქვეყანას 3-5 წელში შეუძლია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ სავიზო მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად, ევროკავშირმა სომხეთისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდიდან 10 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებაც მიიღო.