ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო. როგორც Reuters-ი წერს, უვიზო რეჟიმის შემოღება სომხეთის მხრიდან გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ მოხდება. ამასთან, სომხური მედია იტყობინება, რომ პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელიც გაგრძელდეს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაღრმავებაში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე“,- განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა
აღსანიშნავია, რომ სავიზო მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად, ევროკავშირმა სომხეთისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდიდან 10 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებაც მიიღო.