მრავალწლიანი პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ პირველად, სომხეთში საწვავით დატვირთული პირველი აზერბაიჯანული მატარებელი ჩავიდა.
საუბარია 1,300 ტონა A95 ტიპის ბენზინზე, რომლის ტრანსპორტირებაც 22 ვაგონისაგან შემდგარი მატარებლით განხორციელდა. როგორც სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა თქვა, აზერბაიჯანული მატარებელი საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელ აირუმში გაჩერდა, სადაც საწვავი რკინიგზის სადგურზე ჩამოტვირთა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების დამყარების პირველ სიმბოლოდ იქცა.
აღსანიშნავია, რომ ბენზინით დატვირთული მატარებლის სომხეთში ჩასვლას წინ უძღოდა ალიევის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სომხეთში ტვირთის გადაზიდვაზე შეზღუდვა მოიხსნა. ისტორიულ მოვლენას უკვე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. “მართალია, ტრანსპორტირების პროცესი კერძო კომპანიის გავლით განხორციელდა, თუმცა პოლიტიკური ნების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა”.
ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აგვისტოში, თეთრ სახლში ხელმოწერილმა სამმხრივმა სამშვიდობო შეთანხმებამ ითამაშა. შეთანხმებამ, რომლის ფარგლებშიც ასევე გადაწყდა, რომ სომხეთზე ახალი შუალედური სატრანსპორტო დერეფანი გაივლის.
ცნობისთვის, საქართველოს გავლით აზერბაიჯანული მატარებლის სომხეთში ჩასვლის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ ერთჯერადი გამონაკლისი დაუშვა და ტარიფი ერთჯერადად გააუქმა.
თუმცა საქართველოს რკინიგზის ტარიფებზე სომხეთის პრემიერმა ისაუბრა და 18 დეკემბერს განაცხადა: „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების შემდგომი გადაზიდვის ნაწილში ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც საქართველოს რკინიგზის ტარიფებს ეხება... თუ საკითხები არ დარეგულირდება, ვიმედოვნებ ბიზნესი იმპორტ-ექსპორტის უზრუნველსაყოფად ლოგიკურად ალტერნატიულ გზებს გამონახავენ“.




























