მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სონღულაშვილის თქმით, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიასა და ეროვნული ხედვის ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე მუშაობა მიდის

სონღულაშვილი

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე ყოველწლიურ სესიაში, რომელიც 8 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა.

სხდომა, კანადის სენატის თავმჯდომარემ რეიმონდ განიემ და თემთა პალატის თავმჯდომარემ გრეგ ფერგასმა გახსნეს. პლენარული სესიის გენერალური დებატების მთავარ თემას წარმოადგენდა „ხელოვნური ინტელექტი და პარლამენტარიზმი".

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა.

"დღეს მსოფლიო ტექნოლოგიური ცვლილებები დიდი სისწრაფით მიმდინარეობს. მისი გავლენა ყველგან და ყველა სფეროში თვალშისაცემია, რამაც ფაქტიურად ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალა და ამასთან ერთად გაამარტივა, დროში უფრო მოქნილი და სწრაფი გახადა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ამოცანებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ ხელოვნური ინტელექტი განისაზღვრა, რადგან ფაქტიურად შეუძლებელი გახდა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე და მის ეფექტურ განვითარებაზე საუბარი, ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში იქმნება კომპეტენციის ცენტრი, რომელიც ორიენტირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ყველა სექტორში. ასევე, მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, როგორც ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულების სტარტაპების მხარდაჭერაზე, რაც გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტის გზების მოძებნას მათი საჭიროებებიდან თუ გამოწვევებიდან გამომდინარე, აგრეთვე, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიასა და ეროვნული ხედვის ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე. ვფიქრობ, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები თანაბრად უნდა სარგებლობდნენ იმ სიკეთეებით, რაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მოაქვს. ჩვენი ქვეყანა მზად არის იყოს იმ გლობალური პროცესების თანამონაწილე, რაც ტექნოლოგიურ სფეროში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიმდინარეობს", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სესიაზე, დელეგატებმა მოისმინეს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ლუის მუშიკივაბოს მოხსენება. სესიის პლენარულ სხდომაზე მიიღეს რეზოლუცია „დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ".

სესიას ესწრებოდა 350 დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან და ასევე, 13 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები