გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის თქმით, ხელშეკრულება გააფორმა თურქმენეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომელიც აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას გვაძლევს.
აღსანიშნავია, რომ სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში "ოცნების" მთავრობის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში სონღულაშვილმა და თურქმენეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩარიარ ჩეტიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
„თურქმენეთს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ამის გამოყენება, განსაკუთრებით შუა დერეფნის ფარგლებში, მნიშვნელოვანია. დღეს ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თურქმენეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის. ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. ორმხრივი თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გავზარდოთ აგროსასურსათო ექსპორტის პოტენციალი, რომელიც ძალიან დიდია ამ ქვეყანასთან მიმართებით, და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ცნობისთვის, გასული წლის TOP-5 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი თურქმენეთში შემდეგი იყო:
- ფრინველის ნედლი ან გაყინული ხორცი - $11.3 მლნ;
- სხეულის ხელოვნური ნაწილები - $2.6 მლნ;
- დაფასოებული მედიკამენტები - $1.8 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები - $1.09 მლნ;
- სპირტიანი სასმელები - $927.2 ათასი.