“ღია საზოგადოების ფონდმა” თანამშრომლების 40%-ის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.
თანამშრომელთა გაშვების მიზეზად დაანონსებული “მნიშვნელოვანი ცვლილებები” სახელდება. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 92 წლის მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა ფონდის მართვა საკუთარ შვილს ალექსანდრ სოროსს გადააბარა.
როგორც ორგანიზაციის პრესსპიკერმა CNN-ს უთხრა, ფონდების მართვის ახალ ხედვა “რთულ გადაწყვეტილებებს” მოითხოვს. ამ ეტაპზე ღია საზოგადოების ფონდს მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე თანამშრომელი ჰყავს.
2017 წელს ჯორჯ სოროსმა “ღია საზოგადოების ფონდებს” დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი გადასცა. ამ გადაწყვეტილებით, ღია საზოგადოების ფონდები აშშ-ში მეორე ყველაზე დიდი ფილანთროპული ორგანიზაცია გახდა.
ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მსოფლიოს მასშტაბით მხარს უჭერს პიროვნებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან სიტყვის თავისუფლების, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის, აგრეთვე თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების შესაქმნელად. Forbes-ის შეფასებით, სოროსის ქონება 6.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული უნგრეთში დაბადებულ მილიარდერს 30 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საკუთარი ორგანიზაციისთვის გადაცემული.