ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის შეფასებით, საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველები არიან დასაქმებულები, ნაკლებად ეფექტურია.
როგორც გიორგი პაპავამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მსგავსი პროგრამები ქვეყანაში პროდუქტიულობის ანდაც ეკონომიკის ზრდას არ უწყობს ხელს და უფრო მეტად განხილული უნდა იყოს როგორც ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილები.
თუმცა მისივე შეფასებით, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სოციალური დახმარება ოთხი წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ.
“სოციალური დახმარების მიმღები ბენეფიციარებისთვის დასაქმების პროგრამა შემუშავდა, რაც ჩემი აზრით, ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება არამიზნობრივად გამოიყენო სახელმწიფო თანხები. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყო რეალურ დასაქმებას, პროდუქტიულობაზე ორიენტირებული დასაქმების განვითარებაზე იზრუნო ქვეყანაში, დიდწილად სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილებით მოხდა ბიუჯეტის ზრდა და სოციალური დახმარების დაახლოებით მესამედი ამ ფორმით გაიცემა.
ამას თან სდევდა მეორე კომპონენტი, რომელიც დადებითად შეიძლება შეფასდეს, რაც შეეხება სოციალური დახმარების გარანტირებულად მიცემას. ეს სამომავლოდ, შესაძლებელია, ნაკლებ ბერკეტს უტოვებდეს სხვადასხვა მმართველ ძალას, რომ სწორედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მოახდინოს სოციალური დახმარებების გამოყენება.
“როდესაც რიგ მუნიციპალიტეტებში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ჩამოუვარდება ამ პროგრამით დასაქმებულთა რაოდენობას უკვე გვაფიქრებინებს, რომ ამ პროგრამას, ამ სამუშაო ადგილებს არავითარი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ ზრდასთან ან პროდუქტიულობის ზრდასთან. ეკონომიკური ანალიზის გადმოსახედიდან, ყველაზე ცუდი რაცაა - არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად რესურსი აქვთ, რომ გარკვეული დოვლათი შექმნან და ჩვენ ამ ადამიანებს ვიყენებთ რაღაც ხელოვნურ სამუშაო ადგილებში, სადაც მათი რესურსი იკარგება. შესაბამისად, იმ მუნიციპალიტეტში რაიმე ეკონომიკური განვითარების პოტენციალიც მცირდება”, - განაცხადა გიორგი პაპავამ.
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას 696 359 ადამიანი იღებდა, მათგან თითქმის 230 ათასი პირი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რის გამო სოციალურად დაუცველის სტატუსი ოთხი წლით უნარჩუნდება. წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი თითქმის 6 ათასით არის გაზრდილი.




























