მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოცდაუცველის სტატუსი შთამომავლობითი გახდა" - რატომ აღრმავებს სოციალური პოლიტიკა კადრების დეფიციტს?

მაია მურაჩაშვილი

კომპანია "სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის" დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი, ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში მოქმედ სოციალურ პოლიტიკას ღიად აკრიტიკებს. ჰოტელიერს, რომელიც სხვადასხვა რეგიონში არაერთ სასტუმროს მართავს, მიაჩნია, რომ მოქმედი სისტემა შრომისუნარიანი კადრების დეფიციტის პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს.

ჰოტელიერის თქმითვე, პანდემიის შემდეგ შრომის ბაზარზე კადრების ნაკლებობა განსაკუთრებით მწვავედ დგას, რის ფონზეც სახელმწიფო პოლიტიკა, ნაცვლად დეფიციტის შევსების ხელშეწყობისა, სოციალურად დაუცველთა რიცხვს ზრდის და დასაქმების მოტივაციას ასუსტებს.

საქმე ის არის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 700 000 ადამიანს აღემატება. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან დღემდე ქვეყანაში მოქმედებს სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში სოცდაუცველების დასაქმებას ითვალისწინებს და მისი ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით, ჯამში, სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული. ე.წ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულთა ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარია. დღეს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. სოცდაუცველების პროგრამა, არსებული ფორმით, მომავალ წელს არ გაგრძელდება.

რამდენიმე კვირის წინ, გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში მაია მურაჩაშვილმა კადრების დეფიციტის პრობლემასა და სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის სისტემას შორის კავშირზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამსაქმებლები ხშირად ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც დასაქმებას ითხოვენ ხელზე ანაზღაურებით ("კონვერტით") იმ მიზეზით, რომ არ შეუწყდეთ სოციალური დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს 4-წლიანი "ჯავშანი" - ანუ ლეგალურად დასაქმების შემთხვევაში, სოცდაუცველს სოციალური დახმარება ოთხი წელი უნარჩუნდება.

“სოცდაუცველის სტატუსი შთამომავლობითი გახდა”

"ხალხმა ეს არ იცის, საერთოდ არ იცის... ჰგონიათ, რომ თუ დასაქმდებიან ლეგალურად, რისკია, რომ მოეხსნათ სოციალური დახმარება და გარანტირებულად სოციალური დახმარების მიღება ურჩევნიათ, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმება... სახელმწიფოს შესაბამისმა სამსახურებმა (სოციალური მომსახურების სააგენტო, სამინისტროები) აქტიურად უნდა მიიტანონ დამსაქმებლებამდე და სოციალურად დაუცველებამდე არსებული წესები და შესაძლებლობები, განსაკუთრებით 4-წლიანი დასაქმების ჯავშნის შესახებ“, - ამბობს ჰოტელიერი.

დამსაქმებელი წუხს იმის გამოც, რომ ქვეყანაში სოციალური, ფულადი შემწეობა აღქმულია არა დროებით დახმარებად, არამედ მუდმივ შემოსავლად, რაც შრომისუნარიან ადამიანებს აზარმაცებს და მინიმალურით არსებობას აჩვევს. შედეგად, დამსაქმებლები კადრების პოვნას ვერ ახერხებენ.

“სოცდაუცველის სტატუსი შთამომავლობითიც კი გახდა”, - ამბობს მაია მურაჩაშვილი და თავისი სასტუმროების მაგალითზე გვიყვება, რომ მართალია, რეგიონში, სასტუმრო სექტორი მათ მინიმუმ 1,300 ლარს და მეტს სთავაზობს, კადრებს ვერ პოულობენ, ვინაიდან უმრავლესობას ურჩევნია, სახელმწიფოსგან მიიღოს 300-ლარიანი ხელფასი საზოგადოებრივი სამუშაოებისთვის.

დამსაქმებელთა გამოწვევები და შედეგები

„განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში, კადრების ნაკლებობა კრიტიკულ ზღვარზეა. თუ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 100 ნომერზე მომსახურე პერსონალის კოეფიციენტი 1.5 უნდა იყოს, ამჟამად ის 0.6-ს შეადგენს. კადრების დეფიციტის გამო, შეუძლებელია მაღალი სტანდარტის სერვისის შეთავაზება, რაც ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას აფერხებს“, - ამბობს გამოცდილი ჰოტელიერი.

სოციალური დახმარების სტატუსის სწორი იდენტიფიკაციის საჭიროება

მაია მურაჩაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია იმ პირთა მკაცრი გადამოწმება, ვისაც ნამდვილად სჭირდება სოციალური დახმარება (მაგალითად, მრავალშვილიანი დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და იმ არაკეთილსინდისიერი პირების გამოვლენა, ვინც მას არალეგალური გზებით იღებს.

სოციალური სისტემის რეფორმირებაზე საუბრისას ჰოტელიერმა მაგალითად მოიყვანა ბელგიის გამოცდილება, სადაც თუ პირს, მისი უნარების შესაბამისად, სამჯერ შესთავაზეს სამსახური და მან სამივეჯერ უარი განაცხადა, სოციალური დახმარება უწყდება.

კერძო სექტორსა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობა

არსებული, არაეფექტური საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის (300-ლარიანი სამუშაოები) ნაცვლად, სადაც წლიდან წლამდე ასეულობით მილიონი იხარჯება, ჰოტელიერს მიაჩნია, რომ შესაძლებელია, სახელმწიფომ შექმნას პროგრამა კერძო სექტორთან თანამშრომლობით, სადაც სახელმწიფო დაუმატებს 300 ლარს იმ სოციალურად დაუცველის ხელფასს, რომელსაც კერძო დამსაქმებელი აიყვანს. „ეს გაზრდის დამსაქმებლის მოტივაციას და სოციალურად დაუცველის შემოსავალს“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი და 2019 წელს არსებულ პროგრამას იხსენებს, როცა სახელმწიფო 6 თვის მანძილზე ხელფასის 30-40%-ს თანადაფინანსებას ახდენდა.

რა შეიძლება იყოს უმოქმედობის შედეგი? | უცხოელი კადრებით ჩანაცვლება

მაია მურაჩაშვილი აფრთხილებს სახელმწიფოს, რომ თუ პრობლემა არ გადაიჭრა, ტურიზმის სექტორი იძულებული გახდება, კადრები უცხოეთიდან შემოიყვანოს (მაგალითად, ფილიპინებიდან) ქართველი შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩასანაცვლებლად, რამაც შეიძლება ორმაგად ნეგატიური - სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა გამოიწვიოს.

„სოციალური: შრომისუნარიანი ქართველები დარჩებიან 300-ლარიან დახმარებაზე, იმის ნაცვლად, რომ მიიღონ 1,500-1,800 ლარიანი ხელფასი და განვითარდნენ. ეკონომიკური: უცხოელი კადრები ანაზღაურებას გადაქაჩავენ თავიანთ ქვეყნებში, ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხა საქართველოს ეკონომიკაში დაბრუნდეს“, - აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.

ჰოტელიერი, სხვა დარგობრივ ასოციაციებთან ერთად, აპირებს ამ საკითხის დაყენებას ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, რათა პრობლემის მოგვარებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

„დღეს [უფრო] მეტი სოცდაუცველი გვყავს ბეჭზე წამოკიდებული გადასახადის გადამხდელებს, ვინც ისიც კი არ ვიცით, საიდან მოვიყვანოთ კადრები დოვლათის შესაქმნელად ქვეყანაში. ძალიან გვახრჩობთ გადასახადებით, გაძვირებული ცხოვრებით და ჯანმრთელ, წამოწოლის მოყვარულ ხალხს მაინც ნუ აგვკიდებთ ბეჭზე!.. დავეცემით ნელ-ნელა ეს დოვლათის შემქმნელებიც და მერე რომელიმე ექს-პრემიერს აჰკიდებთ იმის ბრალიაო, ურემი კი გადაბრუნებული იქნება“, - წერდა მაია მურაჩაშვილი სოციალურ ქსელშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები