სოციალური საწარმო „ბაბალე“ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. როგორც „ქალების ნარატივში“ „ბაბალეს“ დამფუძნებელმა, ლია ტაბატაძემ განაცხადა, სახელმწიფო სოციალურ მეწარმეობას, როგორც ცალკე მიმართულებას, არ აღიარებს.
„სახელმწიფო საგრანტო მიმართულებებით არასდროს არ გვქონია მხარდაჭერა. მეტიც, სოციალურ მეწარმეობას ჩვენი სახელმწიფო როგორც ცალკე მიმართულებას, საერთოდ არ აღიარებს. კანონი სოციალური მეწარმეობის შესახებ, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ეს სფერო, ისევ თაროზეა შემოდებული. გვიწევს იმ დიდ კონკურსში ყოფნა, რომელშიც დიდი ბიზნესები არიან ჩართული. ჩვენ კი, ისევ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედად ვართ“, - განაცხადა „ბაბალეს“ დამფუძნებელმა.
სოციალური საწარმო “ბაბალე” 2014 წელს შეიქმნა "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ. შემოქმედებითმა სივრცემ გააერთიანა სამხატვრო სახელოსნო - სასწავლო და სამუშაო პროცესისთვის და მაღაზია-სალონი, სადაც მომხმარებელს “ბაბალეში” შექმნილი პროდუქციის შეძენა შეუძლია. კორპორატიულ მომხმარებლებს სოციალური საწარმო მათ მოთხოვნაზე მორგებულ პროდუქციას სთავაზობს.
ინფორმაციისთვის, სოციალური საწარმო „ბაბალე“ მარტის თვეში სამკერვალოს გახსნას გეგმავს, რომელიც „სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ისევე როგორც სხვა აქამდე შესრულებული „ბაბალეს“ პროექტები.