World Vision საქართველო, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის SKYENet ფარგლებში, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტი, ბიზნესიდეების დაფინანსებასთან ერთად, საკუთარ თემში რეალური ცვლილებების განხორციელების მიზნით, ახალგაზრდების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-35 წლის ახალგაზრდებს შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: დუშეთი, ხობი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ახალციხე, ადიგენი, ახმეტა, თელავი, ზესტაფონი და ბაღდათი. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულმა პირმა სოციალური საწარმოს შექმნის თემაზე უნდა წარმოადგინოს საინტერესო ბიზნესიდეა ან უნდა ფლობდეს უკვე მოქმედ სოციალურ საწარმოს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დააფუძნა.
შერჩეული 80 მონაწილე ერთი თვის განმავლობაში SKYE კლუბებში ყოვლისმომცველ სასწავლო კურსს გაივლის, რომლის დასრულების შემდეგაც, მონაწილეები, ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, საკუთარ ბიზნესგეგმებს წარადგენენ. ჟიური წარდგენილ პროექტებს შორის საუკეთესო სოციალური საწარმოს ინიციატივას გამოავლენს. კონკურსის ფარგლებში, 5 000-დან და 20 000-მდე ლარამდე გრანტის ოდენობით ჯამში 10 შერჩეული ბიზნეს ინიციატივა დაფინანსდება. გარდა ამისა, გამარჯვებული პროექტების ავტორებს, 6 თვის განმავლობაში, ქოუჩინგისა და მენტორობის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა 2024 წლის 18 ივნისის ჩათვლით, 18:00 სთ-მდე შეუძლიათ.