მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P Global-მა საქართველოს 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.1%-მდე გაზარდა

ინფლაციის ზრდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.1%-მდე გაზარდა. აქამდე სააგენტო 3.5%-იან ინფლაციას პროგნოზირებდა.

უახლესი შეფასების თანახმად, რომელიც 7 აგვისტოს გამოქვეყნდა, ბოლო პერიოდში ინფლაციურ წნეხზე გავლენა იქონია საბაზისო ეფექტებმა, ტრანსპორტის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ფასების ზრდამ.

S&P აღნიშნავს, რომ წლიურმა ინფლაციამ 2026 წლის ივლისში 5.2% შეადგინა, ივნისში დაფიქსირებული 5.8%-ის შემდეგ.

სააგენტო ვარაუდობს, რომ საბაზისო ეფექტების ამოწურვისა და შიდა მოთხოვნის ნორმალიზების პარალელურად, ინფლაციური წნეხი თანდათან შემცირდება. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა დეზინფლაციის პროცესი შეანელოს.

უახლესი შეფასებით, S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, S&P განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე და აღნიშნავს, რომ სწორედ საერთაშორისო რეზერვების განგრძობადი ზრდა წარმოადგენს პერსპექტივის გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს. სააგენტოს შეფასებით, რეზერვების ზრდამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის საგარეო ლიკვიდობის ბუფერები და შეამცირა გარე შოკებისადმი მოწყვლადობა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებამ. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც ათწლეულის წინ მშპ-ის 10%-ს აღემატებოდა, 2025 წელს ისტორიულ მინიმუმამდე, 2.6%-მდე, შემცირდა. ამასთან, გაგრძელდა ფინანსური დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია. ამ ფაქტორებმა კი ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. შედეგად, 2026 წლის იანვარ-ივნისში წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

S&P ასევე დადებითად აფასებს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოებს და აღნიშნავს, რომ ისინი რეგიონულ კონტექსტში შედარებით გონივრულია, რაც ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას აძლიერებს. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციური მოლოდინების სათანადო დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათი განახლებული პროგნოზით, 2026 წელს საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 5.1%, ხოლო ეკონომიკური ზრდა 6.4% იქნება [თებერვალში გამოქვეყნებულ პროგნოზში ზრდა 5.4%-ის დონეზე იყო ნავარაუდევი].

სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს საქართველოს საფინანსო სექტორის მდგრადობას. მათი შეფასებით, საბანკო სისტემა რჩება კარგად კაპიტალიზებული, მაღალლიკვიდური და მომგებიანი. ამასთან, ეროვნული ბანკის ეფექტიანი მაკროპრუდენციული და საზედამხედველო პოლიტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაში, საბანკო სექტორის მდგრადობის გაძლიერებასა და ფინანსური დოლარიზაციის შემდგომ შემცირებაში.

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს საბანკო რეგულირების ჩარჩო ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებას, ევროკავშირსა და აშშ-თან გაციებულ ურთიერთობებს S&P Global-ი მთავარ რისკებად ასახელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები