მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P-იმ 'ქართუ ბანკის' რეიტინგის მოლოდინი გააუმჯობესა

S&P

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-იმ “ქართუ ბანკის” რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა. ახალი შეფასებით ბანკის რეიტინგის მოლოდინი არის “პოზიტიური”, ხოლო რეიტინგი კვლავ ‘B’ დონეზე ნარჩუნდება. S&P-ის თანამხად, რეიტინგის გაუმჯობესება ბანკის პრობლემური კრედიტების შემცირებამ განაპირობა.

მიმოხილვის თანახმად, S&P მოელის, რომ “ქართუ ბანკი” გააუმჯობესებს მის ფინანსურ მაჩვენებლებს, რაც პრობლემური სესხების ამოღებით და ნაწილი სესხების ჩამოწერით იქნება განპირობებული. დოკუმენტის მიხედვით, თუკი 2021 წლის ბოლოს უმოქმედო სესხების წილი 38%-ს აღწევდა, 2023 წლის აგვისტოს ბოლოსთვის მან 19% შეადგინა. ამასთან, S&P წერს, რომ კლების მიუხედავად, 19%-ის უმოქმედო სესხები მნიშვნელოვნად აჭარბებს საქართველოს საბანკო სექტორში უმოქმედო კრედიტების საშუალო მაჩვენებელს, რაც პორტფელის 5-6%-ია. შესაბამისად, S&P აღნიშნავს, რომ “ქართუ ბანკის” მენეჯმენტი გეგმავს 2024 წლის ბოლოსთვის უმოქმედო სესხების წილი 10%-მდე შეამციროს.

მაგრამ ამ მხრივ S&P მიიჩნევს, რომ “ქართუ ბანკის” გამოწვევაა ის, რომ სესხები კონკრეტული კრედიტორებისა და სექტორების მიმართ მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, რაც რეიტინის მოწყვლადობის ერთ-ერთ არხს წარმოადგენს. ამასთან, “ქართუ ბანკის” სესხების 60%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაში არის გაცემული, მაშინ როდესაც სექტორის საშუალო 45%-ს წარმოადგენს. S&P წერს, რომ “ქართუ ბანკი” დიგიტალიზაციის მხრივ ჩამორჩება როგორც ადილობრივ, ასევე რეგიონულ მოთამაშეებს.

ამასთანავე, S&P ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ “ქართუს” უკუგება კაპიტალზე (ROE) ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალოდ 6.5%-ს შეადგენდა, რაც საქართველოს საბანკო სექტორის საშუალო უკუგებაზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.

S&P მოელის, რომ “ქართუ ბანკის” მენეჯმენტი მომდევნო 12 თვის განმავლობაში ამ მიმართულებებით არსებული მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები