მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციებზე სებ-ის გადაწყვეტილებას საქართველოს საბანკო სფეროს შეფასების გაუარესება შეუძლია - S&P

s&p

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მექანიზმზე მიღებულ გამონაკლისს საქართველოს საბანკო სისტემაზე ორგანიზაციის შეფასების გაუარესება შეუძლია. ამის შესახებ საუბარია S&P-ის მიერ გამოქვეყნებულ უკანასკნელ ანგარიშში.

S&P-ის კითხვის ნიშნები აქვს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებითაც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2023 წლის ივნისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლითაც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება მოხდა, საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზე საშუალოვადიან პერიოდში რისკებს წარმოშობს.

S&P Global-ი წერს:

“საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება მთლიანობაში შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შეუძლიათ საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა შეამცირონ. 2023 წლის ივნისში ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით შეიქმნა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელსაც შეუძლია სებ-ს უხელმძღვანელოს მაშინ, სანამ სებ-ის პრეზიდენტის პოსტი იქნება ვაკანტური. შესაბამისად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეუძლია ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. წარსულში სებ-ის ხელმძღვანელის პოსტს პრეზიდენტის არყოფნის დროს, სხვა ვიცე-პრეზიდენტი ასრულბდა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ახალი პოზიციის შემოღება საშუალოვადიან პერსპექტივაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლად საქმიანობისთვის რისკს წარმოადგენს.

ამას გარდა, 2023 წლის სექტემბერში გამოიცა ეროვნული ბანკის ბრძანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სავალდებულოს ხდის. ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. ამის მიუხედავად, საქართველოს ბანკების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი დაიცავენ საერთაშორისო სანქციევს. ამ საკითხზე დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსის არარსებობას შეუძლია საქართველოს საბანკო სისტემაზე ჩვენ შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედოს,”- წერს S&P.

სწორედ ივნისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გახდა მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვა შეაჩერა. სექტემბერში სანქციების თაობაზე მიღებულ საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით კი IMF-მა შეშფოთება გამოხატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები