მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებმა, შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა შეამციროს - S&P

s&P

ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა შეამციროს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა” - ამის შესახებ S&P ახალ ანგარიშში წერს. გავლენიანი სააგენტო აღნიშნავს, რომ 2023 წლის ივნისში, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას საშუალოვადიან პერიოდში ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობისთვის რისკის შემცველია.

ამასთანავე, S&P აღნიშნავს, სანქციების აღსრულების წესზე სებ-ის გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, საქართველოს საბანკო სფეროზე ორგანიზაციის შეფასება გააუარესოს.

“საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება მთლიანობაში შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შეუძლიათ საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა შეამცირონ. 2023 წლის ივნისში ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით შეიქმნა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელსაც შეუძლია სებ-ს უხელმძღვანელოს მაშინ, სანამ სებ-ის პრეზიდენტის პოსტი იქნება ვაკანტური. შესაბამისად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეუძლია ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. წარსულში სებ-ის ხელმძღვანელის პოსტს პრეზიდენტის არყოფნის დროს, სხვა ვიცე-პრეზიდენტი ასრულბდა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ახალი პოზიციის შემოღება საშუალოვადიან პერსპექტივაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლად საქმიანობისთვის რისკს წარმოადგენს.

ამას გარდა, 2023 წლის სექტემბერში გამოიცა ეროვნული ბანკის ბრძანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სავალდებულოს ხდის. ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. ამის მიუხედავად, საქართველოს ბანკების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი დაიცავენ საერთაშორისო სანქციებს. ამ საკითხზე დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსის არარსებობას შეუძლია საქართველოს საბანკო სისტემაზე ჩვენ შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედოს,”- წერს S&P.

სწორედ ივნისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გახდა მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვა შეაჩერა. სექტემბერში სანქციების თაობაზე მიღებულ საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით კი IMF-მა შეშფოთება გამოხატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები