მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P-მ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა, თუმცა შემდეგ წლებში ზრდის შენელებას ვარაუდობს

S&P Global

სარეიტინგო სააგენტომ S&P-მა საქართველოს წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა. სააგენტო წერს, რომ მოსალოდნელზე ძლიერი იმპულსის გათვალისწინებით, მშპ-ს წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.1%-მდე გაზარდეს. თუმცა S&P-ის პროგნოზით, ზრდა 2026 წელს 5.2%-მდე და 2027 წელს 4.7%-მდე შენელდება, რადგან მოხმარება ნორმალიზდება და ინვესტიციები კი შესუსტდება.

"ვვარაუდობთ, რომ კაპიტალის ფორმირების შემცირება, რაც დიდწილად განპირობებული იქნება პოლიტიკური გაურკვევლობის ზრდით და ევროკავშირის გადაწყვეტილებით შეაჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი. შარშან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება მშპ-ს 4%-მდე ამ ტენდენციის დასტურია, რაც COVID-19 პანდემიის წლის გამოკლებით 2001 წლიდან დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია", - წერს სააგენტო.

S&P- მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB/B დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა კი ეკონომიკური და ფისკალური სიჯანსაღით არის გამოწვეული. ასევე გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზიც და 4.1% შეადგენს. გასულ წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4.5% იყო. საკრედიტო სააგენტო წერს, რომ საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. თუმცა პოლიტიკურმა და გეოპოლიტიკურმა გაურკვევლობამ შესაძლოა შეანელოს უცხოური ინვესტიციების შემოსვლა, რაც თავის მხრივ კითხვებს აჩენს ზრდის გრძელვადიან პერსპექტივაზე. მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არის მყარი, ასევე გაიზარდა სავალუტო რეზერვები, რომელიც დაახლოებით სამი თვის ექსპორტს ფარავს. აქედან გამომდინარე, სააგენტო რეიტინგს BB/B დონეზე ტოვებს, ხოლო პერსპექტივას - სტაბილურს.

რისკებს შორის სარეიტინგო სააგენტო პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციას ასახებს, რაც იმოქმედეს ინვესტორებს ნდობაზე. კიდევ ერთ რისკად სააგენტო პარტნიორებისგან შეღავათიანი დაფინანსების შესაძლო შემცირებას მიიჩნევს, რაც გამოწვეული იქნება გახანგრძლივებული პოლიტიკური გაურკვევლობით. S&P ასევე წერს, რომ ეკონომიკის ძლიერი მაჩვენებლების მიუხედავად, მთავრობის პოლიტიკის პროგნოზირებადობა გაუარესდა. ამ ფონზე საკრედიტო სააგენტო მიმოიხილავს გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

შიდა პოლიტიკურმა მოვლენებმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და გავლენა მოახდინა საქართველოს ურთიერთობებზე როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან. 2024 წლის შუა პერიოდში ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, ასევე დროებით შეჩერდა ფინანსური დახმარებაც. ამის ერთ-ერთი მიზეზი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედებაც იყო. ანალოგიურად, 2024 წლის ბოლოს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და დააწესა მიზნობრივი სანქციები „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფ პირებზე. 2025 წლის მაისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ორპარტიული MEGOBARI აქტი, რომელიც ამოქმედების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური ზომების ჩარჩოს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული უკუქცევისთვის არიან პასუხისმგებელნი. კანონპროექტი ამჟამად აშშ-ის სენატში განხილვის პროცესშია, თუმცა მისი პერსპექტივა გაურკვეველი რჩება და არ არსებობს მკაფიო ინდიკაცია იმაზე, მიიღებენ თუ არა მას საბოლოოდ. ეს მოვლენები ასახავს საქართველოს ძირითად დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის ცვლილებას და შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგარეო რეფორმების იმ საყრდენზე, რომელიც ისტორიულად მხარს უჭერდა ინსტიტუციურ განვითარებას.

"ველით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაყინული დარჩება უახლოეს მომავალში, დაძაბული ურთიერთობისა და შეზღუდული თანამშრომლობის გათვალისწინებით. ანალოგიურად, აშშ-საქართველოს ურთიერთობები სავარაუდოდ, დაძაბული დარჩება და დამოკიდებული იქნება დემოკრატიული მმართველობის პროგრესზე. ვფიქრობთ, რომ დამატებითი სანქციების დიდი რისკია, რომელთა სამიზნეც კონკრეტული ინდივიდები იქნებიან და არა ქვეყანა".

საკუთარ მიმოხილვაში სარეიტინგო კომპანია საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონითა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით კვლავ მოგებიანი რჩება. “ჩვენი აზრით, ძლიერი საზედამხედველო შესაძლებლობები, ძლიერი კორპორაციული მმართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს საქართველოს ეფექტიან საბანკო რეგულირებას, რომელიც ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, - აღნიშნულია სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები